ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
„მარტოსულო, ცრუპენტელა ქალბატონო!“
(მაცაცო სებისკვერაძის ცნობილი სიმღერის მელოდიაზე)
********************************************************************
რამდენიმე წელია ტელეეკრანს არ ვაკვირდებოდი... ამას ჰქონდა თავისი მიზეზები და... ეს ორი დღეა, იცოცხლე, ჩართული მაქვს ეკრანი და მომიწია უპირატესად TV „იბერიას” მუდმივი ტელემაყურებლის როლში ყოფნა: ვზივარ დილიდან და ვუცქერ, ვუსმენ... ვუცქერ და ვუსმენ... ვუცქერ და ვუსმენ... ეს რა უბედურებას მოვესწარით!
ძალიან ვწუხვარ, ძალიან, მაგრამ... მაინც უნდა გამოვთქვა დაუფარავი აზრი ერთ მდედრთან დაკავშირებით. და ის არის ჩემთვის დიდად პატივსაცემი პიროვნების, დიდი ქართველი მწერლის ქალიშვილი. სამწუხაროდ!
ერთი მიზეზი სწორედ ეგ არის, რომ ეს დღეები ვითმენ. ძირითადი კი ის გახლავთ, რომ ოჯახში ვარ გაზრდილი და მდედრთან ურთიერთობა-საუბრის საზოგადოებაში მიღებული ნორმების დარღვევაზე ვერ მივდივარ. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ამიტომ იძულებული ვარ, ეჭვქვეშ დავაყენო ეს პრინციპიც, სქესიც, ოჯახიშვილობაც და მასვე ვკითხო: ასეთი ურცხვი, უტიფარი, ყველაფრის მკადრებელი გათხოვების შემდეგ გახდით თუ მანამდეც გქონდათ მსგავსი მიდრეკილება?
ვაზუსტებ ასეთი სიხისტის მიზეზს: ეს მდედრი მინიშნებით აცხადებს, რომ მე მინდოდა, ჩემთვის გადმოებარებინათ TV-„იბერია“ ან გავმხდარიყავი მისი დირექტორი და დასტურად მოჰყავს შინაარსი ლევან ყიფიანთან მისი პირისპირი საუბრისა. ვიმეორებ: პირისპირი საუბრისა!
გადავამოწმე ლევან ყიფიანთან ეს ინფო და მივიღე კონკრეტული, ცალსახა პასუხი: მზად არის, ხატზე დაიფიცოს იმის თაობაზე, რომ არასოდეს(!!!), არავითარი(!!!) მსგავსი საუბარი დეპუტატ-ქალბატონთან მას არ ჰქონია. ანუ, დეპუტატი-ქალბატონი არის ელემენტარული ც რ უ პ ე ნ ტ ე ლ ა !!!!!
დალოცვილო, თურმე, ყველა ფეხის ნაბიჯზე, კიბეებზეც კი, იწერდით (საიდუმლოდ, შეთანხმებით, ერთად თუ ცალ-ცალკე ამ კაცთან საუბარს) და რაღა სწორედ ეს საუბარი არ ჩაიწერეთ? თუ ყიფიანი ტელევიზიის „ახევას“ აპირებდა თქვენთვის, ამაზე კარგი, ამაზე მეტყველი ფაქტი რაღა გინდოდათ?
სულ ვარაუდებზე საუბრობს დეპუტატი-ქალბატონი. სულ. მოდით, მეც ვივარაუდებ და ვიტყვი: ნამეტანი გიჭირთ და ამ იდიოტური „ფაქტით“ გინდათ რაღაცის „გაპრავება“. მე თვალით არ გინახივართ, არცერთხელ არ გვისაუბრია... არცერთხელ! ქუჩაში რომ შემხვდეთ, ვერ გიცნობთ. ჰოდა, ვვარაუდობ: პროვოკატორი ხართ თქვენ, ქალბატონო დეპუტატო!
მე მჯერა ყიფიანის მონაყოლის, რამეთუ მას არ დაუმალავს, რომ საუბარი ტელევიზიის თემაზე და მასთან დაკავშირებით ჩემი გვარის ხსენება, თურმე, მართლაც ყოფილა. ოღონდ, არა ამ დეპუტატ-ქალბატონთან, არამედ მის მეუღლესთან, „ომეგას“ მთავარ „ბოსთან“ - ზაზა ოქუაშვილთან.
ყიფიანმა მომიყვა, რომ ოქუაშვილმა გაუზიარა თავისი წუხილი, რომ ტელევიზია ძალიან ძვირი უჯდება, თითქმის ერთი მილიონი ყოველთვიურად, შემოსავალი მწირია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი „ომეგას“ დავალიანებებისა. საუბარში გამოითქვაო მოსაზრება, რომ TV-მენეჯმენტი გადასახალისებელია, რომ საჭიროა ცვლილებები, კადრების განახლება, პროგრამების გადახედვა. სწორედ ამ კონტექსტში გამოთქმულა მოსაზრება, რომ ხომ არ ვკითხოთ რ ჩ ე ვ ა ამ სფეროს ისეთ სპეციალისტს, როგორიც თქვენი მონა-მორჩილია. ყიფიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავითარ დირექტორობაზე, არც ანაზღაურებაზე და არც სხვა დაინტერესებაზე საუბარი არ ყოფილა, რომ მან თქვა, რომ გამოიყენებს თავის ახლო ნათესაურ კავშირს ჩემთან და მთხოვს დახმარებას... ყოველივე ეს მე გავიგე დღეს. მხოლოდ დღეს. ჯერ, მოულოდნელად, დეპუტატი-ქალბატონის ცინიკური მონათხრობიდან, მერე კი ყიფიანის ახსნა-განმარტებიდან.
ეს არის და ეს!
აი, ახლა რა უნდა ვუთხრა ამ ცრუპენტელა ქალბატონს, რომელმაც ტრაგიკული სახით და დაჩაგრული ადამიანის ტონალობით მოუთხრო საზოგადოებას იმ „ვირეშმაკობის“ შესახებ, რომლითაც ხელისუფლების მიერ ტელევიზიის „ასახევად“ მიგზავნილი ყიფიანი აპირებდა, ხელში ჩაეგდო საბჭოთა იდეოლოგიისთვის, ყოფილი ცეკას მდივნისთვის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანისთვის ასე ნალოლიავები, გამოძერწილი, სიგარეტის ყოველი „კოლოფისგან“ კაპიკ-კაპიკ დაგროვილი ფულით „შენახული“ ტელესტრუქტურა, რომელიც უნდა დამდგარიყო „სწორ“ (ანუ რუსული ორიენტაციის) გზაზე.
ისე არ აუდგა გვერდები ამ პროვოკატორთა ჯგუფს, რომ ხალხმა დაიჯეროს ეს წყაროსავით ანკარა „სიმართლე“. მაგ სიმართლით რომ დადიხართ, იმიტომ გაქვთ სახელმწიფოსთვის გადასახდელი ვალი 51 მილიონი და 84 მილიონი - „საქართველოს ბანკისთვის“, რომელიც სასამართლოს ძალით ცდილობს ამ ვალის ამოღებას. რაო, იქ ვერავინ იპოვეთ ჩემი „გვარის“ კაცი, ვისაც დააბრალებდით თქვენი კრისტალური პატიოსნების მქონე სახელის შებღალვის მცდელობას?
P.S. ახლა თავმდაბლობის დრო არ არის და პაწია „წავიტრაბახებ“: 13-ჯერ მთხოვა (მომთხოვა, დამაძალა...) ედუარდ შევარდნაძემ სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობა. 13-ჯერ! ბოლო, „დაძალებამდე“ მისული შეთავაზება მოხდა - „ვარდების რევოლუციის“ წინა დღეს, როცა გადადგა ზაზა შენგელია. თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება ამ ჩემი ნათქვამის სიმართლეში, საიდუმლოდ დავუსახელებ მოწმეებს (5 ცოცხალ პერსონას).
ისე, ეგებ დაინტერესდეთ და ჰკითხოთ ცნობილ ბიზნესმენს გუჯა ბუბუტეიშვილს, რა პირობებს მთავაზობდა ბადრი პატარკაციშვილი მას შემდეგ, რაც მის მიერ გამოგზავნილ პირველ ემისარს უარი ვუთხარი, ჩამებარებინა ჯერ TV-„მზე“, შემდგომ კი მთელი მისი მედიაჰოლდინგი.
ასევე, იყო ვარიანტი, ჩემთან დაეკავშირებინათ TV-3 და აგერ არის საღსალამათი ქალბატონი ლალი ეგაძე იმის მოწმე, რომ კატეგორიული უარი ვთქვი შემოთავაზებაზე, დამეკავებინა ამ სტრუქტურის დირექტორის პოსტი.
ასე რომ, არც TV-„იბერიასთან“ დაკავშირებული წინადადება იქნებოდა ჩემთვის მოულოდნელობა, ისევე, როგორ ჩემგან უარიც ჩვეულებრივი მოვლენად გადაიქცეოდა, რამეთუ ვერცერთი სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის დიქტატს ვერ მივიღებდი და, როგორც ახლანდელმა მოვლენებმა დაადასტურეს, სწორადაც მოვიქცეოდი.
მიდი, დასცხე ტაში, ჯერ ლონდონში და მერე პარიზში, ჩემო დაჩაგრულო სოლომონ ისაკიჩ!!!