logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საქართველო ახალ გზაზე დადგა, სწორ გზაზე!
- +

14 მაისი. 2016. 16:50


„ქართული ოცნების" რიგით მეოთხე ყრილობა პარტიის გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა:

 

„აქ შეკრებილ თითოეულ ადამიანს შეგაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში, რისთვისაც უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას იმსახურებთ.

 

დიდი პატივისცემით მივესალმები ჩვენი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ქვეყნის განვითარების ურთულეს ეტაპზე წარმატებით შეასრულა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ფუნქცია. განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები ჩვენი მოძრაობის, „ქართული ოცნების" სულის ჩამდგმელს, ადამიანს, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს გვიჩვენა თავდადების და თავგანწირვის მაგალითი და მოგვცა  შესაძლებლობა, თავი დაგვეღწია ღირსების შემლახველი რეჟიმისგან. მივესალმოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

 

მოხარული ვარ, რომ დღეს მოგვეცა შეკრების საშუალება. მოგვეცა საშუალება, ვისაუბროთ პარტიის პერსპექტივებზე, მის მომავალზე და განახლების პროცესზე. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ „ქართული ოცნების" დელეგატები, წევრები, პარტიის ირგვლივ, რომელიც ფორსმაჟორულ პირობებში ხალხის სურვილების შესასრულებლად შეიქმნა. ჩვენ გადავლახეთ 2012 წლის ურთულესი არჩევნები. რთული და დაბრკოლებებით აღსავსე რამდენიმე წელი. ჩვენ არ გვიზრუნია პარტიის კომფორტის მოწყობაზე მაშინ, როცა ქვეყანაში ურთულესი ეკონომიკური თუ სოციალური ბარიერები იყო დასაძლევი, ხოლო მოსახლეობა შიშის და ძალადობის წნეხიდან გამოსაყვანი. საქართველო ახალ გზაზე დადგა, სწორ გზაზე! საქართველოში არასდროს დაბრუნდება კლანური ან სხვა სახის რეჟიმის მმართველობა. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად ხალხის გევრდში დგომით და ნდობის მანდატით ჩავუყარეთ საძირკველი დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობას -  ქვეყნის, რომლის მთავარი ღირებულება თავისუფალი მოქალაქეების ერთობაა; რომლის მართვის სტილი დემოკრატიული და ტოლერანტულია. ქვეყნის, სადაც კანონის ძალით მართავს ხელისუფლება. ჩვენი ლიდერია ხალხი. ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია თავისუფლება, ერთობა და პროგრესი. იყო დრო, როცა პარტიის თითოეული წევრი, რეჟიმისგან დაჩაგრული ან განუკითხაობით აღშფოთებული მოსახლეობა დავირაზმეთ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნების საშუალებით მოვახდინეთ არასასურველი ხელისუფლების ცვლა. ჩვენ, ყველამ ერთად, „ოცნების" ჯარისკაცებმა და ჩვენმა ამომრჩეველმა, თანამედროვე საქართველოს უახლესი ისტორია ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ. ჩვენ ჩვენი ხელით შევქმენით ახალი რეალობა, გადავშალეთ ახალი ფურცელი ქვეყნის განვითარებაში.

 

ეს ოთხი წელი იყო უაღრესად შრომატევადი და შორს მიმავალ შედეგებზე ორიენტირებული. დასაბამი მიეცა სოციალური, ეკონომიკური ფონის მოწესრიგებას, დიდ თუ მცირე წამოწყებებს და პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ეკონომიკურ ზრდას, საზოგადოების სამოქალაქო შეგნების ამაღლებას და განვითარებას.

 

„ქართული ოცნების" ძალისხმევით, ამ ოთხი წლის მანძილზე შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი. გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.

 

იმავდროულად, ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკით მნიშვნელოვნად ამაღლდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი", - განაცხადა კახა კალაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner