„დარწმუნებულები ვართ, შევძლებთ ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას!" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების" რიგით მეოთხე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კალაძის თქმით, პირველად საქართველოს ისტორიაში, ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებს სტანილურ და ჯანსაღ გარემოში ხვდება.
„ჩვენი პარტიის რიგები განახლების პროცესშია. ჩვენ ამჯერად ახალი გამოწვევები გვაქვს, ახალი სახეები და ახალი პერსპექტივები. ამ არჩევნებს პარტია „ქართული ოცნება" პირველად, თავისი ხანმოკლე პოლიტიკური ისტორიის მანძილზე ხვდება სტაბილურ, ჯანსაღ გარემოში, როცა არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს აქვს შესაძლებლობა თანაბარ პირობებში უთხრას ხალხს ის, თუ რას სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის, როგორ ხედავს ჩვენს ერთობლივ მომავალს და რის გამო უნდა ენდოს მას ამომრჩეველი.
მინდა, აქვე განვაცხადო, ჩვენ არ ვაძლევთ მხოლოდ დაპირებებს მოსახლეობას, ჩვენ მათ ვაბარებთ ჩვენს მიერ გაკეთებული და დაწყებული საქმეების ანგარიშს, რის საფუძველზეც, თავად ამომრჩეველი მიხვდება და განსაზღვრავს, ვიმსახურებთ თუ არა მათ ნდობას და მხარდაჭერას. ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც, დარწმუნებულები ვართ, თქვენი თანადგომით, ამომრჩეველთა მხარდაჭერით შევძლებთ ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას", - განაცხადა კახა კალაძემ.