„დღეს, პარტიის დაარსებიდან 4 წლის თავზე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბევრი პრობლემა გადავჭერით, ბევრი სირთულე დავძლიეთ, და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, იმ დაძაბულ ვითარებაში თავიდან ავიცილეთ ანგარიშსწორების საფრთხე, რომლის წინაშეც რეალურად იდგა ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა ანგარიშსწორება. მიგვაჩნია, რომ შურისძიება გუშინდელი დღეა, რეგრესია, განვითარების შეფერხებაა. მჯერა, გავა დრო და ხალხი ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ უფრო დარწმუნდება. ჩვენი მიზანი მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი, თანმიმდევრული განვითარება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაა. ის, რომ ჩვენ შევძელით, აგვერიდებინა ქვეყნისათვის მთავარი საფრთხე, ჩვენი გუნდის ლიდერების პოლიტიკური ნება და თითოეული თქვენგანის დამსახურებაა.
იყო თუ არა ეს 4 წელი უშეცდომო?! პირდაპირ გეტყვით, რომ - არა. და ეს ბუნებრივიც არის ახალგაზრდა პარტიისთვის. მაგრამ ჩვენ არც ამ შეცდომების აღიარება და არც რეალობისათვის თვალის გასწორება გაგვჭირვებია. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ისეთი შეცდომა ნამდვილად არ დაგვიშვია, რომელიც ზიანს მოუტანდა ქვეყანას.
საბედნიეროდ, ჩვენ უკან მოვიტოვეთ ბევრი სირთულე და დღეს საშუალება გვაქვს, ახალ გამოწვევებს შევეჭიდოთ, შორსმიმავალი გეგმები და ახალი ამოცანები დავისახოთ. სწორედ ეს არის ჩვენი პარტიის დღევანდელი ამოცანა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.