საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" რიგით მე-4 ყრილობაზე მმართველ პარტიას მადლობა გადაუხადა ნდობისთვის. ასევე მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და აღნიშნა, რომ მხოლოდ მისმა შექმნილმა პარტიამ მოახერხა მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა.
„მადლობა მინდა ვუთხრა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" იმ დიდი ნდობისათვის, რომელიც გამომიცხადა. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის დიდი გამოწვევა. მე მზად ვარ, ვემსახურო ჩემს სამშობლოს და ყველაფერი გავაკეთო ჩემი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს შეიქმნა და გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების გზაზე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების" დამფუძნებელს და მის პირველ თავმჯდომარეს, რომლის შექმნილმა პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა და მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება. ასეთი პრეცედენტი საქართველოს მანამდე არ ჰქონია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
აქვე კვირიკაშვილმა თავის მიმართვაში მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, საპარლამენტო გუნდს და მოსახლეობას, რომელმაც, მისი თქმით, სიმტკიცე და თავდადება გამოიჩინა.
„მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ურთულეს და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში უხელმძღვანელა პარტიას და როგორც პრემიერ-მინისტრმა, წარმატებით განაგრძო ქვეყნის მართვა.
ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო გუნდს, პოლიტიკურ საბჭოს, პარტიის თვითოეულ წევრს, მხარდამჭერს, ვინ ურთულეს პერიოდში ემსახურა საქართველოს და წვლილი შეიტანა მის აღმშენებლობაში. და რა თქმა უნდა, მადლობა ხალხს, რომელმაც აჩვენა სიმტკიცე, თავდადება და დემოკრატიული სიმწიფე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.