საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან, რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობა.
„ჩვენ ვცდილობთ, ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ვდგამთ ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობები. მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ურთიერთობის ნორმალიზაცია ვერ მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ეს არის ის, რაც არაფერში არ გაიცვლება.
ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანებაა. ჩვენ უნდა გავხდეთ დემოკრატიული, სტაბილური და ეკონომიკურად კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩვენთან ერთად ყოფნის სურვილი. მათ უნდა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რაც დღეს გვაქვს, რაც მომავალში გვექნება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ევროპაში უვიზო მიმოსვლასაც ვგულისხმობ. სწორედ ასე, სიკეთითა და შერიგებით შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი ძმები და გავამთლიანოთ საქართველო. ამას ალტერნატივა არ გააჩნია.
ჩვენი მიზანია, შეძლებისდაგვარად საუკეთესო პირობები შევუქმნათ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, დავიცვათ მათი უფლებები და მივცეთ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.
ამ სამ წელიწადში, იმ მემკვიდრეობის ფონზე, რომელიც დაგვხვდა, ჩვენ შევძელით ჩვენი მოქალაქეებისათვის პირველი რიგის, სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრა. ჩვენი პოლიტიკის შედეგად უამრავი ადამიანი გადარჩა როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. მარტო C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამის და ათასობით გადარჩენილი სიცოცხლის ხსენებაც კი საკმარისია. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ზრუნვა და დახმარება თავისი მოქალაქეებისათვის ათეული წლები არ ყოფილა. სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა და კიდევ ბევრ სხვა სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გააჩინა, რის შედეგსაც დღითი დღე უფრო დავინახავთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.