მექსიკაში FIFA-ს რიგით 66-ე კონგრესი დასრულდა. ჯანი ინფანტინო FIFA-ს კონგრესს პრეზიდენტის რანგში პირველად გაუძღვა, საქართველოს კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი წარმოადგენდა.
მეხიკოში გამართულ ორდღიან კონგრესზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. FIFA-ს 210-ე წევრად კოსოვო დამტკიცდა, 211-ე წევრი კი გიბრალტარი გახდა. მათ წევრობა ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ FIFA-ს ისტორიაში პირველად, გენერალური მდივნის პოსტს ქალბატონი დაიკავებს. ამ თანამდებობაზე ინფანტინომ 54 წლის სენეგალელი ფატმა სამურა წარადგინა, რომელიც 1995 წლიდან გაერო-ში მუშაობს და აფრიკის კონტინენტზე არაერთი მასშტაბური პროექტის ავტორია.
FIFA-ს კონგრესზე ასევე იმსჯელეს 2026 წლის მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის შერჩევის პროცედურაზე. აღსანიშნავია, რომ მასპინძელ ქვეყანას 2020 წლის მაისში დაასახელებენ.