საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში, პარტია „ქართული ოცნების" თავჯდომარედ არჩევის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას თანაგუნდელებს დაავალა, ხვალიდან მოსახლეობასთან „პირდაპირი შეხვედრები" დაიწყონ.
„იმ ახალ დღის წესრიგს, რომელსაც დღევანდელი რეალობა გვიყენებს, ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება. ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ამ ამოცანებსა და გამოწვევებს.
უახლოეს მომავალში ჩვენს რიგებში იხილავთ ბევრ ახალ ადამიანს, ბევრ პროფესიონალს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, სრულიად განსხვავებულ, პოზიტიურ დინამიკას შემოიტანენ არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. დღეიდან, როგორც პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩვენი გუნდის საქმიანობაზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს იყოს წარმატებული ადამიანების გუნდი, რომელიც უანგაროდ იდგება ქვეყნის სამსახურში.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ყრილობის დელეგატებს, საკრებულოების „ქართული ოცნების" ფრაქციების წარმომადგენლებს: მიიღეთ ეს დავალებად - ხვალიდანვე დაიწყეთ პირდაპირი შეხვედრები მოსახლეობასთან, კონკრეტულად განსაზღვრეთ პრობლემები ადგილებზე, რათა კიდევ უფრო ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს ჩვენი ხალხის საჭიროებებზე და მზად ვიყოთ რეაგირებისთვის", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ყრილობის მონაწილეებს.