logo_geo
eng_logo
სალომე ყანჩელს დღეს 95 წელი შეუსრულდებოდა
- +

14 მაისი. 2016. 17:19





სალომე ყანჩელს დღეს 95 წელი შეუსრულდებოდა. ამ დიდებულ ქალბატონს თეატრალურ წრეებში დღესაც მოწიწებით და პატივისცემით მოიხსენიებენ. დაიბადა და გაიზარდა მწერლის, იურისტისა და საზოგადო მოღვაწის სანდრო ყანჩელის ოჯახში. ხელოვნებაზე სიყვარულს ბავშვობიდანვე ეზიარა. სალომე ყანჩელი მსახიობების იმ თაობას ეკუთვნის, რომელმაც რუსთაველის თეატრის „ოქროს ხანა" შექმნა. მრავალმხრივი ნიჭითა და მომხიბვლელი გარეგნობით გამორჩეული მსახიობი კომედიურ და ტრაგიკულ როლებს ერთნაირი ბრწყინვალებით ასრულებდა, მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა. საკმარისია, გავიხსენოთ მისი ხანუმა და ბერნარდა (გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი").


ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მიიწვიეს რუსთაველის თეატრში. 1946-1948 წლებში მარჯანიშვილის თეატრშია. 1948-1956 წლებში - სოხუმის ქართულ დასში, სადაც შეასრულა ისეთი როლები, როგორიცაა ცაბუ (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან"), ესმა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი"), ძიძია (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა"), მირანდოლინა (კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი"). 1956 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრშია, ამჯერად უკვე სიცოცხლის ბოლომდე. აქ ახალი ძალით გაიელვა მისმა ხალასმა ნიჭმა, მაღალმა სცენურმა ოსტატობამ, სინატიფემ და ქალურმა მშვენებამ, რაც დაეხმარა განესახიერებინა მკვეთრად განსხვავებული როლები. ივლიტე („ამბავი სიყვარულისა") და მზეთუნახავი („ჭინჭრაქა"), ბაბალე („ბებერი მეზურნეები"), დედოფალი ელისაბედი („რიჩარდ III") და სხვა.


თვითონ ქალბატონი სალომე მის მიერ განსახიერებული როლებიდან განსაკუთრებული სიყვარულით გამოყოფდა ხანუმას, ბერნარდას და სოხუმის თეატრში განსახიერებულ შირინს ნაზიმ ჰიქმეთის პიესაში „ლეგენდა სიყვარულზე". ქალბატონი სალომე დამსახურებულად ატარებდა სახალხო არტისტის საპატიო წოდებას, დიდი არტისტული ხიბლი, პლასტიკა, იუმორი ყოველივე ეს და არსში წვდომის საოცარი უნარი ყო საწინდარი მისი, როგორც მსახიობის და პიროვნების სიყვარულისა.


ჟურნალისტ ვახტანგ (კოკოშა) კობაიძის მოგონებიდან: - ჩემს ჟურნალისტურ ცხოვრებაში არის ბევრი ისეთი რამ, რაც სამუდამოდ გრჩება მეხსიერებაში და წლების შემდეგ ტკბილ და ზოგჯერ ტკივილიან მოგონებად იქცევა. გასული საუკუნის 80-იან წლებში ბედნიერება მქონდა, თბილისის თეატრებს გასტროლებზე ვხლებოდი და მათი წარმატების მონაწილე ვყოფილიყავი. ბავშვობიდან მოყოლებული თეატრის სიყვარული და მსახიობებთან თუ რეჟისორებთან ურთიერთობა, მათთან ერთად საგასტროლო ტურნეში ყოფნამ სიახლოვე უფრო გააღვივა და მეგობრობაში გადაიზარდა. 1984 წლის დეკემბერში მთელი ტელე-რადიო, ტრადიციულად გადასული იყო საახალწლო სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადებაზე. რადიოში იყო ასეთი გადაცემა „მხიარულ ტალღაზე", რომელსაც ქალბატონი ლია ძიძიგური უძღვებოდა. ახალი წლის დადგომამდე ორ კვირაზე მეტი იყო დარჩენილი, სიუჟეტი წინასწარ უნდა მომზადებულიყო, რათა შემდეგ გადაცემა სამხატვრო საბჭოს დაემტკიცებინა. ამჯერად ქალბატონი ლიას თხოვნით, იცოდა რა ჩემი ურთიერთობა თეატრალებთან, სალომე ყანჩელი ავირჩიე, ვინც იმ დროს მძიმე სენით დაავადებული საავადმყოფოში იმყოფებოდა. დავურეკე მედეა ჩახავას და ჩემი „გაჭირვება" მოვუყევი. ქალბატონმა მედეამ აიტაცა ეს ჩემი „ახირება" - „ამ საქმეს მე მოგიგვარებო". რაღა ბევრი გავაგრძელო, ვიყიდე შამპანური, ტკბილეული, ყვავილები, ავიკიდე რეპორტიორი და ქალბატონ მედეასთან ერთად ახალი წლის მისალოცად ქალბატონ სალომეს ვესტუმრეთ საავადმყოფოში. ჯერ მედიკო შევიდა, მოვამზადებო. ხუთი წუთიც არ გასულა, გამოვიდა და ვიწყებთო - და დავიწყეთ, შევედით ხმაურით, როგორც ახალ წელს შეეფერებოდა, კანფეტები შევყარეთ, შამპანური „ავაფეთქეთ", „რეპორტიორი", რა თქმა უნდა, ჩართული, სიცილი, ხარხარი, სალომეს და მედიკოს იუმორი, სალომეს დედა ლოლაც აჰყვა საერთო მხიარულებას... ბევრი ვიცინეთ, დავილოცეთ წესისამებრ, თბილისს და მთელ საქართველოს მივულოცეთ ახალი წელი...


სამწუხაროდ, ქალბატონი სალომე ყანჩელი 1985 წლის 11 დეკემბერს, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა... მისი მილოცვა და საახალწლო დალოცვა კი სამუდამოდ დარჩა რადიოს ფონდში. ეს იყო სალომე ყანჩელის უკანასკნელი ინტერვიუ და ჩემი არა პირველი, მაგრამ ბოლო რეპორტაჟი ამ დიდებულ ადამიანთან...


 

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner