logo_geo
eng_logo
ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დაიკეტა
- +

10 ოქტომბერი. 2018. 12:09

 

კლდეში ნაკვეთ 16–სართულიან სამონასტრო კომპლექს ვანის ქვაბებში ქვათა ცვენა დაიწყო. უსაფრთხოების მიზნით, ძეგლთა დაცვის სააგენტომ ობიექტი ტურისტებისთვის დაკეტა.  ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა.

 

„კვლევითი სამუშაოები ჩავატარეთ და დადგინდა, რომ ქვათა ცვენის პროცესი შეუვალია. აქ ადამიანების გადაადგილება სიცოცხლისთვის საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ობიექტი დავკეტოთ“, – ამბობს ანთიძე.

 

მისი თქმით, იმისთვის, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ისტორიული კომპლექსის გადასარჩენად, ფართომასშტაბიანი კვლევითი სამუშაო ჩატარდება: „მაგალითად, უნდა დავადგინოთ, როგორ მოვაწყოთ წყალამრიდები, ამისთვის კი უნდა დავაკვირდეთ, ნალექიან ამინდებში თუ რა მიმართულებით მოძრაობს წყალი. მომავალ წელს დაიდება პროექტი, რომელიც იქნება რეცეპტი იმისა, თუ როგორ უნდა ვუშველოთ ამ ქვათაცვენის პროცესს. ამის შემდეგ კი პრაქტიკულ სამუშაოებს დავიწყებთ“.

 

ანთიძე ამბობს, რომ ამ დრომდე ვანის ქვაბებზე მსგავსი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელი იყო, რადგან ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსი ვარძიისკენ იყო მიმართული.

 

„მომავალ წელს ვანის ქვაბების პროექტისთვის, დაახლოებით, 100–200 ათასი ლარი დაგვჭირდება, 50 ათასი კი უკვე დაიხარჯა პირველადი კვლევისთვის. რაც შეეხება პრაქტიკულ სამუშაოებს, გამიჭირდება წინასწარ თანხის განსაზღვრა. ფული ბიუჯეტიდან გამოიყოფა და ამისი პრობლემა არ იქნება, მთავარია, იყოს პროექტი, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება, რა როგორ უნდა გაკეთდეს ადამიანების უსაფრთხოებისთვის და ბუნებრივია, ძეგლის გასამაგრებლად“, - განაცხადა ანთიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner