logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მისტერ Заебали „правда“-ში გახვეული ღიმილით
- +

10 ოქტომბერი. 2018. 13:46

 

 

 

თქვენი არ ვიცი და... მე ამხანაგი გრიგოლ (ულ)ვაშაძე თავისი ჰაბიტუსით ფილმ „ღიმილის ბიჭების“ ერთ-ერთ პერსონაჟს - ბეთჰოვენას მაგონებს. ერთი ეგაა, ბეთჰოვენა, რომელიც ვიოლინოს თანხლებით დადიოდა და სულ ცაში იყურებოდა, უფრო კეთილშობილი გახლდათ. მას მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო, ვიოლინო გადადო და ფრონტის ხაზზე წავიდა. პრინციპში, ვაშაძეც ჩამოვიდა ფრონტის ხაზზე რუსეთიდან, როცა სამშობლოს დასჭირდა, მაგრამ ეს საქმე ცოტა ვირეშმაკულად გამოუვიდა - თან პატრიოტულს მიაწვა, თან რუსული პასპორტი ვერ დათმო, თან პროდასავლური კურსი აიღოსავით. ერთი სიტყვით, რამდენიმე ცხენზე ერთდროულად ჯდომა მოინდომა და აერია რამსები - თან რუსებს ლანძღავდა 2008-ში, ეს რა გვიქენით, თქვე ბოზებოო, თან კიდევ წერილი გააგზავნა რუსეთის კულტურის სამინისტროში - არიქა, ჩვენი ერები კულტურულად უნდა დავაახლოვოთ, ერთობლივი კონცერტები გავმართოთო... უი, არა, არა, თქვენ ნუ შეწუხდებით, მომღერლებსა და მოცეკვავეებს ჩვენ გამოვაგზავნით, თქვენ მხოლოდ ტაში დაუკარით, რომ ძმობას, ერთობას და სოლიდარობას უფრო ღრმა საფუძველი ჩაეყაროსო. დიახ, ეს წერილი იწერებოდა მაშინ, როცა გორი, ახალგორი და მიმდებარე სოფლები ჯერ კიდევ ცეცხლის ალში იყო გახვეული.

 

დღეს ამხანაგ გრიგოლს თავის ბიოგრაფიასაც უხსენებენ - შენა, კაცო, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი დაამთავრე 1981-ში... 1990 წლამდე, როცა საქართველო საბჭოთა იმპერიას ებრძოდა და ჩვენი ახალგაზრდობა ტანკებით გადათელეს, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში იყავი მოკალათებული, ახლა იმ ნიგერიელისა არ იყოს, ტელევიზორში აქეთ რომ დაგვამუნათა, რა „ფრითენზიები“ გაქვსო? აბა, რა გითხრათ... შენიშვნა სამართლიანია, ამხანაგი გრიგოლი ვერც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა მოიყვანა აზრზე და ისე იყო წამოპლაკული საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, ისე გახდა დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი, ისე ჩააგრიალა ცხოვრება 2008 წლამდე, გეგონება, არც არაფერი მომხდარა. ჰო, კიდევ იმას საყვედურობენ, იმ ბირთვულ რაღაცაში რომ მუშაობდი, მანდ „კაგებეს“ გარეშე არ მიგიღებდნენ, ვის ატყუებ, რომ ვითომ პროდასავლელი ხარო? ვერაფერს იტყვი, ესეც სამართლიანი შენიშვნაა, მაგრამ ამხანაგი გრიგოლი მაინც იძახის, ჩემი წილი რუსეთი ჩემია, ჩემშია, ვერავინ წამართმევსო. რასაკვირველია, მისი წილი რუსეთი მასშია, მისია და ვერც ვერავინ წაართმევს. ან კი რატომ უნდა წაართვას?!

 

შემდეგ, როცა ამხანაგი გრიგოლი უმუშევარი დარჩა, რაღაც ბიზნესი წამოიწყო. ბიზნესი კი არა, სინამდვილეში ეს იყო საკუთარი მეუღლის პიარ-მენეჯერობა, სხვადასხვა ქალაქებში კონცერტებს უგეგმავდა. მამუკა გამყრელიძემ, მიშას დროს ჩინეთში ელჩად რომ იყო გამწესებული, „კავკასიის“ ეთერში თქვა: გრიგოლ ვაშაძემ

 

ყველაზე დიდი გამოცდილება ცოლის სამსახურში მიიღოო. ჰა, ჰა, ჰა... გაიგონეთ? ცოლის სამსახურში მიიღო დიდი გამოცდილებაო. დიახ, სწორედ ამაზე ამბობს ზაალ უდუმაშვილი, ამხანაგ გრიგოლს რომ ვუყურებ, კლასი, გამოცდილება და ცოდნა ზედ აწერიაო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მიხა სააკაშვილს მისივე ნათელ-მირონმა ნინო ანანიაშვილმა სთხოვა, ჩემი პიარ-მენეჯერობით ბევრი არაფერი გამოდის, ქმარი უნდა დამისაქმოო. იმან უთხრა, არ არის პრობლემაო და 2008 წელს ეგრევე მოსვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად, ბოლოს კი საგარეო საქმეთა მინისტრად. აი, კლასი... აი, გამოცდილება... აი, ცოდნა-განათლება!

 

თუმცაღა... ამხანაგი გრიგოლი მაინც არაადეკვატურია, ხშირად ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს, კაცს რუსი ვანია გეგონება. თუნდაც ის ვთქვათ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჟურნალისტებს რომ წამოუწვინა: უკვე ЗАЕБАЛИ, ანუ უკვე ტვინი მოტ...ანითო!

 

მას შემდეგ, რაც გრიგოლმა საპრეზიდენტო ხეტიალი დაიწყო, ბევრი მიჰქარა, ანუ ბევრი თავხედობა ჩაიდინა. მაგალითად, ჩავიდა კახეთში და რამდენიმე დედაკაცს ეუბნება, ყველა ყურით მოათრიეთ საარჩევნო უბნებშიო. ჰმ... სადაა, ბიჭო, ყურით მოსათრევი ხალხი კახეთში? ან სამიოდე გამოჩერჩეტებულმა ქალმა როგორ უნდა მოგითრიოს ყურით ზაქებივით ბიჭები?!

 

კიდევ ერთი დიდი სისულელე: ამ დღეებში საჩხერეში ჩავიდა, ერთ მუჭა ხალხს შეხვდა, როგორც იცის ხოლმე, ყველა გადაკოცნა, ყველას ხელი ჩამოართვა (ეს „ნაციონალების“ საფირმო ნიშანია) და უცებ დააბრეხვა:

 

„საჩხერე, ივანიშვილის მშობლიური მხარე, სხვა რეგიონების მსგავსად, უყურადღებოდ არის მიტოვებული. ადგილობრივებმა ყველაზე უკეთ იციან ოლიგარქის ტყუილის მაღალი ფასი. მოსახლეობა თანადგომას ითხოვს და ჩვენი ეიმედება. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ გაზრდის პენსიას 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასს - 1000 ლარამდე, პოლიციელის ხელფასს - 2000 ლარამდე. ჩვენ გამოვაცხადებთ ორწლიან მორატორიუმს უსამართლო საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კრედიტების გადახდაზე და ყველა ვალი დაანგარიშდება 2012 წელს არსებული ლარის კურსით“.

 

აი, ამ რამდენიმე წინადადებაში უამრავი ტყუილია - ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილისგან საჩხერე ნამდვილად არ არის მიტოვებული, ჯერ კიდევ 2012 წლამდე იქ ყველაფერი იყო მოწესრიგებული - გზები, გაზი, წყალი... რომელი ერთი ჩამოვთვალო? მშობიარობა უფასო, გაზი - უფასო, დიდი სპეციალური დარბაზი, სადაც ჭირია თუ ლხინი - უფასო, ყოველ დაქორწინებულზე - ხარჯები უფასო, პლუს 5 ათასი ლარი საჩუქრად. ჰო, კიდევ ისა... თავის დროზე ყველა ოჯახს რომ თეთრი „ნივა“ აჩუქა ივანიშვილმა, მაგაზე არავინ ლაპარაკობს. აი, ახლა ჩავიდა საჩხერეში ამხანაგი გრიგოლი გაზეთ „პრავდაში“ გახვეული ღიმილით და იძახის, აქაურებს ჩვენი იმედი აქვთო. ვისაც მაჭუტაძე-ვაშაძე-დავითაია-ქარდავას იმედი აქვს, ის აზრზე არ არის, რომ მომავალ პრეზიდენტს არც პენსიების გაზრდა შეუძლია, არც ხელფასებისა და მით უმეტეს, ვერც ბანკების საკითხს მოაგვარებს. ტყუის ამხანაგი გრიგოლი, ტყუის და ვირეშმაკობს, მას მხოლოდ არეულობა აქვს განზრახული, რათა „მიშხუხულას“ ხელახლა აშენებას მიჰყოს ხელი. რევოლუცია? ეგ აღარ იქნება, წავიდა ეგ დრო, ამჯერად მხოლოდ საკუთარი ბებიის მუთაქებთან ბრძოლაა ნებადართული!

 

„მისტერ ბეთჰოვენს“ მარიხუანასთან დაკავშირებითაც აქვს თავისებური ხედვა, ამ შემთხვევაში ტრადიციულ გაგებას აწვება და სინამდვილეში აბრაკადაბრა კი გამოსდის:

 

„არავითარი ექსპორტისთვის ეს ნარკოტიკები გათვალისწინებული არ არის. ეს არის შიდა მოხმარებისთვის გათვალისწინებული. თავიდანვე გასაგები იყო, ეს ისტორია საით მიდიოდა, როდესაც ჯერ სიმღერები შემოგვაპარეს, შემდეგ კონსტიტუციურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თურმე ადამიანს უფლება აქვს, ისე დაისვენოს, როგორც უნდა და შეკითხვა მაქვს კონსტიტუციურ სასამართლოსთან: პედოფილსაც აქვს უფლება, ისე დაისვენოს, როგორც უნდა?! ამ პლანტაციებს რომ გვიშენებენ, ხომ გასაგებია, ვის ჯიბეში წავა აქედან აღებული მილიონები“.

 

ან სიმღერები, ან პედოფილია რა შუაშია მარიხუანასთან? რა სიმღერები შემოგვაპარეს და ვინ ამბობს, რომ პედოფილია თავისუფალი „პროფესიაა“? არა, ამას არ აინტერესებს სინამდვილე, ამას მხოლოდ სიტუაციის დაძაბვა სწყურია და ამ დროს რომ კაი გვარიანად უქიქინებს, ვერ გრძნობს. წააგებს ამხანაგი გრიგოლი, უთუოდ წააგებს და მერე დაიწყებს, გამიყალბესო! პრინციპში, უკვე წაგებულია, რაღა გაყალბება უნდა?!

 

დასკვნა: ადამიანი, რომელიც თავის საარჩევნო კამპანიას სხვის შეურაცხყოფაზე, ცილისწამებასა და ბოღმაზე ააგებს, ის არც მეგობრად ივარგებს, არც მეზობლად, არც ნათესავად, არც მამად, არც ძმად და მით უმეტეს, არც პრეზიდენტად! დადის, დადის, ღობე-ყორეს ედება და ამტკიცებს, სალომე ზურაბიშვილი მოღალატეაო. მე პირადად, სალომეს ადგილზე რომ ვიყო, ბატონ (ულ)ვაშაძეს სასამართლოში ვუჩივლებდი და ღალატს იქით დავუმტკიცებდი, მაგრამ როგორც ჩანს, არ აპირებს.

 

 

გელა ზედელაშვილი

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner