ავტორი მარიამ პაიჭაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური დღეს გამართულ „ქართული ოცნების" ყრილობაზე არ იმყოფებოდა. ამის შესახებ კომენტარი „რეპორტიორთან" საუბარში გააკეთა. მეჭიაური ამბობს, რომ NATO-ში შესვლასთან დაკავშირებით ის ბიძინა ივანიშვილს არ ეთანხმება. იგი ყრილობაზე არმისვლის მიზეზად იმას ასახელებს, რომ არ უნდოდა, ხელი შეეშალა მათთვის.
„ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ადრეც, NATO-სთან მიმართებაში და ვთქვი, რომ NATO არ არის მზად ჩვენს მისაღებად. ჩვენი ცალმხრივი სურვილები მოკლებულია ყოველგვარ რეალობას, შედეგს და გამომდინარე აქედან, ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო რეალისტები და არ უნდა მოვატყუოთ ხალხი. მე მიმაჩნია, რომ დღესაც, მიუხედავად უამრავი განცხადებისა ამერიკის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ამერიკის ელჩის NATO-ში, რომლებიც ცალსახად ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში NATO გაფართოებას არ გეგმავს. ჩამოდის ჩვენი თავდაცვის მინისტრი, ატარებს რაღაც წვრთნებს, ემუქრება ვიღაცეებს, ამის შემდეგ მე ვაკრიტიკებ და პრემიერ-მინისტრი იძახის, რომ ჩვენთან მხოლოდ ისინი იქნებიან, ვისაც ეჭვი არ შეაქვს ჩვენს საგარეო კურსშიო. ეჭვი კი არ შემაქვს, მე მიმაჩნია, რომ მცდარია. აქედან გამომდინარე, მე მინდა, რომ ან გახდნენ რეალისტები და შარში ნუ გახვევენ ქვეყანას, ან არა და, ღმერთმა გაუმარჯოს. მე არც ყრილობის ჩატარებაში შევუშალე ხელი და არც მომავალში შევუშლი. ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელშიც გვაქვს პრინციპული აცდენა. მე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ვიყავი, ვარ და ვიქნები კიდეც, გარდა ამ საკითხისა. ამ საკითხში მე მას ვერ დავუჭერ მხარს. ეს ვუთხარი მე დღესაც, შევხვდი, ვილაპარაკეთ. მან ეს გაიგო და არანაირი სხვა პრინციპული წინააღმდეგობა ერთმანეთთან არ გვაქვს. მე, როგორც სტუმარს, შემეძლო დავსწრებოდი ამ ყრილობას, მაგრამ ჩავთვალე, რომ ჩემი იქ ყოფნით შეიძლებოდა გამომეწვია ჟურნალისტების გადაჭარბებული ინტერესი და შეიძლებოდა ჩემი იქ ყოფნა ან რომელიმე კომენტარი გამოეყენებინათ ყრილობის ხელისშესაშლელად და არ მინდოდა, მათი ზეიმი რაღაცით გაუფერულებულიყო", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.