პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ახალარჩეულმა წევრმა სოფიო კილაძემ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რატომაც გადაწყვიტა, „ქართულ ოცნებას" შეერთებოდა. კილაძის თქმით, იგი აბსოლუტურად იზიარებს პარტიის ძირითად მიმართულებებს და მისი პრიორიტეტები ემთხვევა პარტია „ქართული ოცნების" პრიორიტეტებს.
„ბუნებრივია, არის ბევრი მიმართულება, რაზეც პარტია „ქართულ ოცნებას" და ზოგადად, ხელისუფლებას ძალიან ინტენსიურად აქვს სამუშაო. ჩემი პრიორიტეტები აბსოლუტურად ემთხვევა იმ პრიორიტეტებს, რაც დღეს ბატონმა პრემიერმა ახსენა. შესაბამისად, ჩემი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმას, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს ის ძირითადი მიმართულებები, რასაც მე აბსოლუტურად ვიზიარებ. პირველი - ეს არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ვხედავთ, რომ ეს პროცესი ძალიან კარგად მიდის. ეს იყო გადამწყვეტი, რატომაც გადავწყვიტე, რომ „ქართულ ოცნებას" შევერთებოდი. ასევე ეკონომიკა, განათლების რეფორმა, ინფრასტრუქტურული განვითარება, უფრო მოქნილი საჯარო სამსახურის შექმნა და ა.შ." - განაცხადა სოფიო კილაძემ.
კითხვაზე, იქნება თუ არა ის პარტია „ქართული ოცნების" სიაში ან მაჟორიტარობის კანდიდატი, სოფიო კილაძემ ამ ეტაპზე პასუხისგან თავი შეიკავა.
„სამწუხაროდ, ახლა პასუხს ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე. მომავლისთვის - ვნახოთ", - განაცხადა კილაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რა არის მოქმედი ხელისუფლების მთავარი შეცდომა, კილაძის თქმით, ბუნებრივია, ქვეყნის განვითარების გზაზე გარკვეული პრობლემები, წინაღობები, ხარვეზები იყო, თუმცა პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა მათი დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
„შესაბამისად, ამ პრობლემების გამოსწორებაზე აუცილებლად ვიმუშავებთ. მე მიხარია, რომ დღესდღებით სულ სხვა პრიორიტეტები აქვს ჩვენს ქვეყანას და არა ის, რომ სახელმწიფო ძალადობს ადამიანებზე, ინდივიდებზე. ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ის, რომ თითოეულმა ადამიანმა ამ ქვეყანაში თავი ღირსეულად იგრძნოს", - განაცხადა კილაძემ.