პრემიერ-მინისტრისთვის უცნობია, რატომ არ მივიდა პარტია „ქართული ოცნების" ყრილობაზე დეპუტატი თამაზ მეჭიაური. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მან პირადად გადაამოწმა, იყო თუ არა გაგზავნილი მოსაწვევი პარლამენტართან.
„თამაზ მეჭიაურს გავუგზავნეთ მოსაწვევი. სპეციალურად გადავაკონტროლე, ხომ არის გაგზავნილი-თქო. მაგრამ მე ვერ გეტყვით, რატომ არ დაესწრო. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური განხილვები ამ საკითხის და ეს იქნება გუნდური გადაწყვეტილება.
ბატონი თამაზის ყოფნა პარტიაში გუნდის კონსოლიდაციის საკითხია. გუნდში სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში არ უნდა არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა. რამდენადაც არის ცნობილი, მას აქვს განსხვავებული მოსაზრება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვეტორთან მიმართებაში. ამიტომ სავარაუდოდ, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ იქნება ამ მდგომარეობაში.
ეს არის დელიკატური საკითხი, მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად. ჩემი მხრიდან არ იქნებოდა ეთიკური, რომ მე მივიღებ გადაწყვეტილებას მისი პარტიის გაშვების შესახებ. ბატონ თამაზთან ერთად ჩვენ შევთანხმდებით. ზოგადად, მისი საგარეო პოლიტიკური მიმართულებები აცდენილია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.