logo_geo
eng_logo
მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი: კიევში სტავროპიგიის შექმნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაა
- +

12 ოქტომბერი. 2018. 03:12

 

 

„კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ კიევში სტავროპიგიის (კონსტანტინოპოლის პატრიარქის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული წარმომადგენლობის) შექმნა არის უკანონო შეჭრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიაზე“, – ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო კავშირების საგარეო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა განაცხადა.

 

კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის დადგენილებით, დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს კიევში მსოფლიო პატრიარქის სტავროპიგია.

 

ბალაშოვი აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ორ ეკლესიას შორის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე ხდება.

 

„ამ შემთხვევაში კი, მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა“,- აცხადებს ნიკოლაი ბალაშოვი.

 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს, განხეთქილების ლეგალიზაციად და მართლმადიდებელი სამყაროსთვის კატასტროფული შედეგების მომტანად აფასებს.

 

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა.წმინდა სინოდის განჩინება კონსტანტინოპოლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიის წინაშე წაიკითხა.

 

ამას გარდა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა.

 

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გრძელდება.

 

ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტია. მისთვის ანათემის მოხსნა ამისთვის აუცილებელი პირობა იყო.

 

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა სტამბოლში 9 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. სტამბოლში იმყოფებოდნენ კიევში მსოფლიო პატრიარქის მიერ მივლენილი ეგზარქოსები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner