„ნებისმიერი სახის სკეპტიციზმი იქნება შედეგების საწინააღმდეგოდ მიმართული!" - აცხადებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საუბრისას. იგი საუბრობს პარტიაში შესაძლო ფარულ, თუნდაც ღია სკეპტიკურ დამოკიდებულებებზე ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართ და ფიქრობს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიწუროს.
„შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს სკეპტიკური დამოკიდებულება, მაგრამ იმ ადამიანებში, რომლებიც შეიკრიბებიან ახალი საპარლამენტო გუნდის სახით, იქ ასეთი ტიპის ფარული, თუნდაც ღია სკეპტიციზმი არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს არის ის მიზანი, რომლის მიღწევასაც სჭირდება ძალიან გაბედული და გადამწყვეტი ნაბიჯები და აქ ნებისმიერი სახის ყოყმანი იქნება აბსოლუტურად შედეგის საწინააღმდეგოდ მიმართული და კონტრპროდუქტიული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიწუროს. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც არსებობს. სამწუხაროდ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეგიონში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მისწრაფება აუცილებლად უნდა იყოს ევროპისკენ, დასავლეთისკენ და აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ შექმნას საჭირო უსაფრთხოების მექანიზმები რეგიონში უსაფრთხოების განსამტკიცებლად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.