„ვინც მე მიცნობს და ვინც იცის ჩემი მასთან ურთიერთობის ისტორია, ძალიან კარგად იციან, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რაიმე პრინციპულ საკითხში გავაკეთებ ისეთ კომპრომისს, რომელსაც არ ვეთანხმები", - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა არაფორმალურ მმართველობაზე საუბრისას „იმედის" ეთერში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან მას ჰქონდა საუბარი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილი გრძნობს პასუხისმგებლობას და არ არის გულგრილი იმ პროცესების მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება.
„ამიტომ მასთან საქმიანი ურთიერთობა ბუნებრივია. ამაში კი რატომ ხედავენ ნეგატიურს და არაბუნებრივს? არაბუნებრივი ის უფრო არ არის, როდესაც ოდესის გუბერნატორი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც არ არის, საქართველოში პარტიას მართავს? როდესაც უმცირესობის ლიდერი იმართება უცხო ქვეყნიდან, ეს არ არის არაფორმალური მმართველობა? არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ გადის კონტროლს და ფილტრს არსად. ბიძინა ივანიშვილთან მაქვს დიდი ხნის ურთიერთობა და ეს არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას. მასთან მე მაქვს მეგობრული, კოლეგიალური დამოკიდებულება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.