როდის წავლენ მთავრობიდან „რესპუბლიკელი" მინისტრები და ვინ ჩაანაცვლებს მათ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქრონიკის სტუდიაში" ისაუბრა და განაცხადა, რომ სამი „რესპუბლიკელი" მინისტრის სავარაუდო შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს. თუმცა, პრემიერი არ აკონკრეტებს, როდის განხორციელდება ცვლილებები.
„რომ ვთქვა, რომ ახალი მინისტრები შერჩეული არ მყავს, არასერიოზული იქნება, რადგან ზუსტად ვიცი, რომ მათი წასვლა მოსალოდნელია. თუმცა, მათ ამაზე არ უსაუბრიათ, ზუსტად წავლენ თუ არა არჩევნებამდე. მაგრამ, ჩემი მოვალეობაა, რომ ვიფიქრო და რა თქმა უნდა, მყავს გარკვეული კანდიდატურების ჩამონათვალი, რომლებსაც განვიხილავ ამ თანამდებობებზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
აქვე პრემიერმა ხაზი გაუსვა დიმიტრი ქუმსიშვილისა და მიხეილ ჯანელიძის საქმიანობას და განაცხადა, რომ ორივე მინისტრი დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს.
კვირიკაშვილი არჩევნებამდე სხვა მინისტრების შეცვლასაც არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ შესაძლოა ზოგმა თანამდებობა საარჩევნო სიაში გადასვლის გამო დატოვოს, ზოგმა კი - სხვა მიზეზით.
„რაც შეეხებათ დანარჩენ მინისტრებს, აქაც მაქვს გარკვეული მოსაზრებები. არიან მინისტრები, რომლებთანაც არანაირი პრეტენზია არ მაქვს. არიან მინისტრები, რომლებთან მუშაობაც საჭიროა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს ვერ დავაანონსებ ამას.
ჩემი წარდგენილები არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან წარმატებულად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. მათ გარდა, არაერთი მინისტრი ძალიან წარმატებულია. პატარა საკითხები შეიძლება იყოს, რომელზე საუბარიც ახლა არასწორი იქნებოდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არჩევნებამდე ცვლილებები გამორიცხული არ არის, როგორც სიაში გადასვლის გამო, ისე მხოლოდ და მხოლოდ ცვლილებაც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.