logo_geo
eng_logo
კახეთში გიგანტური ზომის ჩურჩხელა ამოავლეს
- +

15 ოქტომბერი. 2018. 11:25

 

კახეთში, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, გიგანტური ზომის - 4-მეტრიანი ჩურჩხელა ამოავლეს.

 

პროექტი ტურისტული კომპანია „გრანდ თრეველ გრუპის“ ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

იდეის ორგანიზატორებმა ღვინო ადგილზევე დაწურეს, შემდეგ თათარა დაამზადეს და ერთობლივი ძალებით გიგანტური ჩურჩხელა ამოავლეს. გიგანტური ჩურჩხელის ამოვლების პროცესი საკმაოდ სანახაობრივი აღმოჩნდა.

 

4 მეტრამდე სიგრძის ჩურჩხელის დამზადების პროცესისთვის თვალის დევნება ფესტივალის ნებისმიერ სტუმარს შეეძლო.

 

როგორც იდეის ავტორებმა – „გრანდ თრეველ გრუპის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რეკორდული ზომის ჩურჩხელის დამზადებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა შედეგი ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

 

„გრანდ თრეველ გრუპის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა​ გიორგი დოლიძემ აღნიშნა, რომ პროექტის მიზანი როგორც ქართველი, ისე უცხოელი საზოგადოებისთვის ქართული კულტურის უკეთ გაცნობა და ღვინის ტურიზმის, ჩურჩხელის პოპულარიზაციაა.

 

„ჩვენ გადავწყვიტეთ გიგანტური ჩურჩხელის გაკეთება, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რეკორდი, რადგან ამ ზომის ჩურჩხელა ჯერ არსად გაუკეთებიათ. პროცესი სახალისო იყო, ჩურჩხელა კი გემრიელი გამოვიდა. ჩვენ ამ პროექტით გვსურს, როგორც ქართველებს, ისე უცხოელ ტურისტებს გავაცნოთ ჩურჩხელის მნიშვნელობა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არ არის უბრალოდ ტკბილეული, ჩურჩხელას აქვს იგივე ისტორია, რაც ღვინოს, არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ ჩურჩხელა ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში არსებობდა. ჩურჩხელას ერთ–ერთი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სამხედრო ისტორიისთვის - ის იყო ქართველი მეომრის საგზალი, რადგან ის მალფუჭებადი არ არის, ასევე საკმაოდ მაღალკალორიულია და მისი გადატანაც მარტივია. ჩვენ ვამაყობთ ამ პროდუქტით. ვთვლით, რომ ეს პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ასევე გვაქვს სხვა გეგმებიც, რომელთა მეშვეობითაც გვსურს, პოპულარული გავხადოთ საქართველოს ის ლამაზი ტერიტორიები, რომლებიც ტურისტებისთვის ჯერჯერობით ნაკლებადცნობილია“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

 

 

„გრანდ თრეველ გრუპის“ დამფუძნებელი დავით დოლიძე ამბობს, რომ პროექტის განხორციელებას და რეკორდული ზომის ჩურჩხელის დამზადებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით დასრულდა.

 

„თვითონ პროცესი ტექნოლოგიურად საკმაოდ შრომატევადია და ასეთი შედეგის მისაღწევად საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ პროექტი შედგა. ეს იდეა დაიბადა ჩვენს ტურისტულ კომპანია „გრანდ თრეველ გრუპში“, შემდგომ ამ იდეის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო ქალბატონმა შორენა კეჟერაშვილმა, ასევე დიდი წვლილი შეიტანა გოჩა ლომიძემ და ერთობლივი ძალებით დღევანდელ დღემდე მოვედით. ამასთან, მადლობა მინდა გადავუხადო როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას, ასევე მთელ გურჯაანსა და მოწვეულ სტუმრებს, რომლებმაც შრომა დაგვიფასეს“, - განაცხადა დავით დოლიძემ.

 

შორენა კეჟერაშვილი, რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა გიგანტური ჩურჩხელის ამოვლებაში, ამბობს, რომ „გრანდ თრეველ გრუპის“ შეთავაზებას სიამოვნებით დასთანხმდა და პროექტში ჩაერთო.

 

„ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გურჯაანისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს ჩვენი კულტურა“, - აღნიშნა შორენა კეჟერაშვილმა.

 

როგორც გაირკვა, „გრანდ თრეველ გრუპს“ სამომავლოდ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს, კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო დიდი ზომის ჩურჩხელის ამოვლებას შეეცდებიან.

 

„მომავალი წლისთვისაც უამრავი სიახლე გვაქვს დაგეგმილი, გრანდიოზული ჩურჩხელის ამოვლება ტრადიციად იქცევა და შევეცდებით, ყოველ მომდევნო წელს გავაუმჯობესოთ შედეგი“, - აღნიშნა „გრანდ თრეველ გრუპის“ დამფუძნებელმა პაატა ცხადაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner