logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: გაოცებული ვარ... იმედი მქონდა, ეს არჩევნები განსხვავებული იქნებოდა
- +

15 ოქტომბერი. 2018. 17:20

 

მთავარი კონკურენტი საარჩევნო რინგზე, ოპონენტების მთავარი სამიზნე და ფეიკი ნიუსების მთავარი ობიექტი – სალომე ზურაბიშვილს, შეიძლება ითქვას, ექსტრემალურ პირობებში უწევს საარჩევნო კამპანიის ჩატარება. ექსტრემიზმი ქართველი ამომრჩევლისთვის უცხო არ არის, სალომე ზურაბიშვილისთვის კი პირველია.

 

რას ფიქრობს საარჩევნო გარემოზე, როგორია მისი სამომავლო ხედვები და რა პარალელებს ავლებს 1921 წელსა და 2008 წელს შორის. „პრაიმტაიმის“ შეკითხვებს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პასუხობს. 

 

– ქალბატონო სალომე, თქვენ ხელისუფლებაშიც იყავით და ოპოზიციაშიც, არაერთი საარჩევნო კამპანიის მომსწრე ხართ, თუმცა, ისე ჩანს, თითქოს მაინც გაკვირვებული ხართ საარჩევნო გარემოს გამო. რატომ? რაიმე ახალსა და განსხვავებულს აფიქსირებთ ახლა, რაც ადრე არ გინახავთ, თუ გიკვირთ, რომ კიდევ ვერ გამოვედით ამ მოჯადოებული წრიდან?

 

– ორივე. მართლა გაოცებული ვარ იმით, რომ ამდენი წლის შემდეგ, როცა უკვე თითქოს ასე ახლოს ვართ ევროპასთან და როცა თითქოს პოსტსაბჭოთა წარსულის წნეხი აღარ უნდა გვაწვებოდეს, ისევ სიძულვილის ენა ისმის. იმედი მქონდა, რომ ეს არჩევნები განსხვავებული იქნებოდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამდენი დრო გავიდა. მეორე, იმიტომ, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო იმ ტიპის არჩევნები, სადაც ორი ძალა ერთმანეთს ეჯახება, რამეთუ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, მიუკერძოებელი, თუმცა, პროცესი მაინც ორი ძალის დაჯახების მიმართულებით წავიდა.

 

ყველა ჩემს გამოსვლაში ხაზგასმით ვამბობ, რომ ვიქნები არა რომელიმე პარტიის პრეზიდენტი, არამედ ყველასი.

 

სიძულვილის ენა არაცივილური და შეურაცხმყოფელია, ამავე დროს სახიფათოც – სააკაშვილის ან „რუსთავი-2-ის“ გენდირექტორის ნათქვამი როგორ იკითხება და რა ინტერპრეტაციას აძლევენ მას ადამიანები. ერთმა დაწერა: „ამას ახლა ხომ უნდა გამოჭრა მოღალატე ყელი და უყურო, როგორ ჩაძაღლდება“. ხომ არ ვიცით, სიძულვილის ენით ნათქვამს ვინ როგორ აღიქვამს და მიჰყვება მას? ხომ შეიძლება, რომელიმე მოქალაქემ ჩათვალოს, რომ მიშამ ან გვარამიამ მას, ერთგვარად, ბრძანება მისცეს? ეს რეალური საფრთხეა.

 

არაერთ საარჩევნო კამპანიას ვადევნებდი თვალს ან ვმონაწილეობდი მასში, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული. ვარდების რევოლუციის დროს უკვე საფრანგეთის ელჩი ვიყავი საქართველოში, მაგრამ ასეთი სიძულვილის ენა და გაუთავებელი ლანძღვა-გინება არ მეგონა, თუ არსებობდა. ამან გამაკვირვა...

 

– საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით თქვენ არაერთი შეხვედრა გქონდათ უცხოელებთან, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსთანაც. რას ამბობენ ისინი ამ შეხვედრებზე?

 

– მგონი, უცხოელებიც გაოცებულნი არიან. თქვეს, - გვახსოვს დაძაბულობა, მძიმე პერიოდები, მაგრამ... მით უფრო, რომ ქალიც ვარ და დამოუკიდებელი კანდიდატიც...

 

არასამთავრობო სექტორმა გადაწყვიტა, რომ შეიძლება, რასისტი მიწოდონ არაფრის საფუძველზე. როცა ვიღაც სოციალურ ქსელში რაღაცას ამბობს, მისი ნებაა, მაგრამ, როცა ადამიანები, რომლებიც იმისთვის არიან, რომ თითოეულის უფლებები დაიცვან, არც ერთი სიტყვით არ გამოეხმაურნენ სიძულვილის ენას, არ თქვეს, რომ უნდა დავწყნარდეთ და ასეთი ენით საუბარი არ ვარგა...

 

რამდენი წელია, ორმაგ მოქალაქეობაზე ვიბრძვი და აქედან რაღაც აბსურდული დასკვნა გამოიტანეს. დაასკვნეს, რომ თურმე რასისტი ვარ...

 

კომპაქტურად დასახლებულ ყველა რეგიონში  ვლაპარაკობ ტოლერანტობაზე. საქართველოს მთავარი ძალა, და არა სისუსტე, სწორედ ეს მრავალფეროვნებაა. და უცებ, ამ ქვეყანაში, რომელიც ცნობილია თავისი ტრადიციებით, წარსულით, შემწყნარებლობით, შემოდის ეს რაღაც დიდი ტალღა დაპირისპირებისა და სიძულვილის. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის.

 

– ასეთ დამოკიდებულებას თქვენ მიმართ პერსონალურ დამოკიდებულებად განიხილავთ? ფიქრობთ, რომ გარემო სხვანაირი იქნებოდა, „ქართულ ოცნებას“ სხვა კანდიდატურა რომ დაეყენებინა?

 

– არა, არ იქნებოდა ასეთი რეაქცია. აქ არის სხვა ელემენტები, რომელიც თანხვედრაში მოდის და, ალბათ, ამის გამოა ამდენი ხმაური.

 

პირველ რიგში, იციან, რომ მე პოლიტიკურად რაც არ უნდა გამაერთიანებელი პრეზიდენტი ვიყო, ნაციონალების დანაშაულებს ვერ შევეგუები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები მაინც და მაინც ციხეში უნდა ჩასვა. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რაში იყო დამნაშავე. რა თქმა უნდა, ყველა არ იყო დამნაშავე. არ ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი ერთნაირად დამნაშავეა, არიან ისინიც, ვინც მათი პოლიტიკური მხარდამჭერია. ეს მათი უფლებაა.

 

მეორე  არის ის, რომ იმ დღიდან, როცა მე გავხდები პრეზიდენტი, უკვე მეც მექნება შესაფერისი ტრიბუნა საიმისოდ, რომ ყველას ველაპარაკო. მე მაქვს სერიოზული კონტაქტები...

 

– ლობი ამერიკაშიც გყავთ?

 

– ეს ლობი არ არის, ეს არის ჩემი კავშირები. ლობი იმათ ჰყავთ. მე კიდევ ვიცნობ რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურას და ისინი, ნაციონალები, ვეღარ შეძლებენ ქვეყნის იმიჯზე ზემოქმედებას, სიტუაციის გამძაფრებას. კი, ისინი თავის ნარატივს ისევ გაიტანენ, მაგრამ მეც შემეძლება საუბარი.

 

– მათი მთავარი არგუმენტი, რომელსაც თქვენ წინააღმდეგ იყენებენ, თქვენი პრორუსული განწყობებია. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ დედაჩემთან მივიდა ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის შტაბს წარმოადგენს. დედაჩემს ჰკითხა: და რატომ უჭერთ მხარს ნატოს ან ევროკავშირს? რაიმე სასარგებლო მოგვიტანა მათთან კავშირმაო? რას ნიშნავს ეს? აქვე გეტყვით, რომ ექსპერტების აზრით, თქვენგან არ არის იმის მკაფიო გზავნილი, რომ თქვენ ევროკავშირისა და ნატოს მომხრე ხართ.

 

– ცოტა უცნაური მეჩვენება, რომ მე, ვინც ევროპაში დავიბადე, გავიზარდე და ევროკავშირის მოქალაქე ვიყავი, ახლა უნდა ვამტკიცო, რომ ევროკავშირისა და ნატოს მომხრე ვარ, - მაშინ, როცა ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. ნატოშიც ვმუშაობდი, ბრიუსელში პირველი დელეგაცია სწორედ მე მივიღე, გაეროში ვმუშაობდი. უცნაურია, რომ იმის მტკიცება მიწევს, რაც, ჩემი აზრით, ამდენად ცხადი უნდა იყოს ყველასთვის. რა თქმა უნდა, ევროკავშირი და ნატო. ამას ალტერნატივა არა აქვს. მე ამის დაფიქსირება არ მჭირდება. ვაშაძეს სჭირდება, დააფიქსიროს, თქვას, რომ არ არის რუსეთის მომხრე და ნატოს მომხრეა, რაც ცოტა დაუჯერებელია მისი წარსულიდან გამომდინარე.

 

– რუსეთთან მიმართებით ბრალდებებს პრიმიტივიზმად აღიქვამთ თუ შავ პიარად?

 

– რეალურად, ეს არის ძალიან ორგანიზებული, ფსიქოლოგიური შეტევა. მარტყამენ ყველაფერზე, რაც ჩემთვის ძალიან ღირებულია. მე არაერთი წიგნი მაქვს დაწერილი. სამწუხაროდ, თარგმნილი არ არის, მე ამისთვის არ მეცალა, - იმაზე, თუ რა არის დემოკრატია, ევროპა, სარწმუნოება. ყველაფერი, რაც ჩემი შემადგენელი ნაწილია, გამიზნულად მარტყამენ. რაღაც მომენტში შეიძლება იფიქრო, რომ მე მე არ ვარ და სალომე არ მქვია.

 

– შეგცვალათ ამ მარათონმა?

 

– არა, პატარა გოგო აღარ ვარ. მაგრამ ეს არის ძალიან ორგანიზებული კამპანია. არ ვიცი, რომელ ტვინში დაიბადა, მაგრამ ვიცი, რომ მათი პიარი არის რუსეთიდან წამოსული და ეს ჰგავს „კაგებეს“ მეთოდებს.

 

– თქვენ კარგად იცნობდით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიფს. მაშინ ისინი ასეთ რადიკალიზმს ამჟღავნებდნენ?

 

– წელიწად-ნახევარი ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, - როცა იყო აღმავლობა, სხვანაირი მუხტი. ის, რომ მიშა იყო უცნაური, იმთავითვე იგრძნობოდა, ჩაკეტილები იყვნენ უფრო. შეხვედრები შავნაბადაზე ეწყობოდა.

 

– ამ შეხვედრებს თქვენც ესწრებოდით?

 

– თავდაპირველად, კი. მაგრამ მე ჩემი ევროპული ცხოვრების წესი მქონდა, დილიდან ვმუშაობდი – ცხრა საათზე უკვე სამინისტროში ვიყავი. ამიტომაც მე თვითონ ვუთხარი მიშას უარი. მიჭირს, როცა დილიდან საქმეები მაქვს და ღამის ორ საათზე მეძახიან: აბა, ამოდით შავნაბადაზეო. ვუთხარი სააკაშვილს, რომ ეს არის ძველი, სტალინისტური რეჟიმისთვის დამახასიათებელი ღამის თათბირები, რომელიც ჩემთვის უცხოც არის და რთულიც – ამ რეჟიმში არ მიმუშავია. მერე თვითონაც აღარ მეძახდნენ, ისედაც არ ვეკუთვნოდი მათ  წრეს...

 

– 2004 წელს რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა სააკაშვილი საქართველოში თქვენს გადმოსაყვანად?

 

– მოლაპარაკებები არ ყოფილა. ეს მოხდა საფრანგეთში მის პირველივე ოფიციალურ ვიზიტზე. ვიზიტის დროს, წესისამებრ, მე, როგორც ელჩი, ვიმყოფებოდი პარიზში. პარიზში მითხრა, რომ ჩემს გადმოყვანაზე აპირებდა პრეზიდენტთან საუბარს. მე თანახმა ვიყავი, თუმცა, მეგონა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ამ უჩვეულო წინადადებას არ დათანხმდებოდა. ვუთხარი კიდეც მიშას, - შეიძლება მინისტრი არ გამოვიდეს და უფრო თანაშემწის პოზიცია შევთავაზოთ-მეთქი... გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, ისინი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და ამ ნახევარ საათში გადაწყდა ეს საკითხიც.

 

– შეიძლება ისტორიული ვითარების გამო არასწორი პარალელია, თუმცა, მაინც ისმება ხოლმე ეს საკითხი და ამაზე მეც მიფიქრია. მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ორ აგრესიასთან დაკავშირებით. ერთი მეოცე საუკუნის დასაწყისში მოხდა, როცა თქვენი წინაპრები ქვეყნიდან გაიქცნენ და აქ ქვეყანა საომარ მდგომარეობაში დატოვეს და მეორე - ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, როცა მიხეილ სააკაშვილი არ გაიქცა...

 

– არასწორი პარალელია და გეტყვით, რატომაც. აქ პარალელი არ არსებობს. მაშინ, 1921 წელს, საქართველოს სრული ანექსია მოხდა და არა საქართველოს რომელიმე ნაწილის. მთავრობის და მასთან დაკავშირებული პირების გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვებას არ გულისხმობდა. ისინი ბრძოლის გარედან გაგრძელებას ფიქრობდნენ. მაშინ ყველას ეგონა, რომ ეს ძალიან დროებითი მოვლენა იყო. ეგონათ, თურქეთიდან მოახერხებდნენ ბრძოლის გაგრძელებას. ასე ეგონათ, პირველი, იმიტომ, რომ რუსეთი სუსტი ჩანდა ამ ბრძოლების შედეგად და მეორე - ევროპის ჩართულობა ჯერ კიდევ არსებობდა. ამან განაპირობა მათი არჩევანიც. ეს არ ყოფილა დედაჩემის არჩევანი, ის მაშინ მუცელში იყო, მამაჩემი კი თხუთმეტი წლის იყო. ვერ გეტყვით, მე როგორ მოვიქცეოდი მათ ადგილას, - მაშინდელ ხელისუფლებას ვგულისხმობ.

 

ეს მძიმე გადაწყვეტილება ბებიებმა და ბაბუებმა მიიღეს. ერთ ნაწილს, - მაგალითად, მექი კედიას, დედაჩემის მხრიდან, - არჩევანიც არ ჰქონდა. ის უშიშროების სამსახურის უფროსი იყო და მისი დარჩენა არ შეიძლებოდა. ბაბუაჩემი ივანე ზურაბიშვილი მთავრობაში არ იყო, ეროვნულ-დემოკრატი გახლდათ და პირველ კრებაში მონაწილეობდა. მისთვის არჩევანი უფრო მეტი იყო, მაგრამ გადაწყვიტა, როგორც იურისტმა, წასულიყო. იფიქრა, იქ უფრო საჭირო ვიქნებიო.

 

მოგვიანებით, თურქეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკება შედგა და თურქეთმა საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ასე აღმოჩნდნენ ისინი საფრანგეთში, თუმცა კიდევ ჰქონდათ ბრძოლის იმედი.

 

ისინი კი, ვინც 2008 წელს წითელი ხიდით ქვეყნიდან გავიდნენ, არ ჩანდა, რომ გადიოდნენ დიდი მიზნისთვის – იქიდან ეშველათ ქვეყნისთვის.

 

– რამდენჯერმე მოვისმინე თქვენი გზავნილი, - თქვით, რომ პრეზიდენტის პოსტზე გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა გქონდეთ...

 

– დიახ, პირველი სწორედ ეს იქნება, ეს პრიორიტეტულია. ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, თუ სულ ერთმანეთთან დაპირისპირებულები ვიქნებით. ორგანიზმი, რომელიც მუდამ საკუთარ თავს ჭამს, არც ვითარდება, არც გამთლიანდება. ეს არის მთავარი ბერკეტი მტრისთვის. ვინ აღვივებს ამას, ხომ უნდა დავფიქრდეთ? ამ სიძულვილის გაღვივება იმპერიული გეგმაა - „დაშალე და იბატონეს“ ემსახურება. ეს არის ყველა იმპერიისთვის დამახასიათებელი მეთოდი, მაგრამ რუსეთმა ეს ზენიტში აიყვანა. თუ არ გავაცნობიერეთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი სისუსტე, მუდმივად ვიდგებით ერთ ადგილას, ერთ წრეზე ვიტრიალებთ.

 

ქვაფენილის დაგება-არდაგების თემა ავიღოთ. ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა, როგორი ტალღა აგორდა ერთმანეთის დაგმობის? ერთმანეთს ეუბნებოდნენ, - შენ მოღალატე ხარ ქვეყნის თუ ქალაქის... იგივეა ფაქტობრივად, მასშტაბია სხვადასხვა...

 

ჩვენ მენტალურად უნდა გადავიდეთ 21-ე საუკუნეში. ეს ბევრი კუთხით ცვლილებას ნიშნავს. და პრეზიდენტს ამ ყველაფერზე შეუძლია, გავლენა იქონიოს. ჩვენ რეალისტური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. ჩვენს სახელმწიფოს იდეოლოგია სჭირდება, ევროკავშირი დღეს და ხვალ არ მიგვიღებს, თუმცა, პერსპექტივა არსებობს და ბევრი რამ თვითონ ევროკავშირის შიგნითაც შეიცვლება. შეიძლება უფრო სწრაფადაც შევიდეთ, მაგრამ - სხვანაირ ევროკავშირში, ყველაფერი იცვლება. მიმაჩნია, რომ ბრექსიტი შეიძლება გამოვიყენოთ, მეუბნებიან, - შეგიძლიათო... მანამდე კი სხვა რაღაცეები უნდა მოვითხოვოთ.

 

– დათო ბაქრაძისგან ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს ამ კუთხით – ევროკავშირის შრომითი ბაზრის გახსნა. თქვენ რა შეთავაზება გაქვთ?

 

– ეს ჩემი თემაა. მე ვთქვი ეს პირველად და არა მხოლოდ ვთქვი. როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ამ საკითხზე დავიწყე მუშაობა. მაშინ ევროკავშირი ამისთვის ჯერ მზად არ იყო, ახლა საამისოდ ვითარება უფრო მომწიფებულია. რეალური შანსი გვაქვს.

 

ევროკავშირთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს. უნდა შემუშავდეს ერთიანი ჩარჩო ხელშეკრულება და შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სხვადასხვა ხელშეკრულებები უნდა გავაფორმოთ მათი ბაზრისა და ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად.

 

სხვათა შორის, თავის დროზე, როცა ორმაგ მოქალაქეობაზე ვმუშაობდი, შევხვდი დავით ბაქრაძეს - ისევე, როგორც შევხვდი სხვა ყველა პარტიის ხელმძღვანელს. ვუთხარი, - ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, არის სახელმწიფოებრივი და ერთად  ვიმუშაოთ-მეთქი. მივიღე სიტყვიერი თანხმობა, თუმცა, არც ერთხელ არ მიმიღია მხარდაჭერა, როცა ეს საჭირო იყო.

 

ევროკავშირის მიმართ მომთხოვნი უნდა ვიყოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შემოვიტანოთ ევროპა აქ; არ არის საჭირო, დაველოდოთ მხოლოდ იქით შესვლას. ეს აუცილებელია, რათა ყველა სფეროში ავამაღლოთ სტანდარტები - დემოკრატიიდან დაწყებული და გარემოს დაცვით დასრულებული.

 

– დაბოლოს, თქვენი პირველი ვიზიტი სად შედგება – ამერიკაში, ევროპაში თუ რუსეთში?

 

– ბრიუსელში. გერმანიასთანაც ვაპირებ ძალიან აქტიურ მუშაობას, ის წამყვანი ქვეყანაა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner