საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურაში იმყოფება.
საგამოძიებო უწყება ჯაფარიძეს იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაჰკითხავს, რომელშიც ის და მირზა სუბელიანი ფიგურირებენ. ჯაფარიძის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში ცოტა ხნის დაიწყო.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფებიან.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.