მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების 21-ე საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება. ამასთან დაკავშირებით, გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე, გენერალური მენეჯერი სოფო თორთლაძე, ნორვეგიის თეატრის დასი (THE KRAMPLE) და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ფესტივალი 18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება.
„თბილისს უყვარს ტრადიციების შენარჩუნება და „საჩუქარი“ ქალაქმა შეინარჩუნა. უკვე 21-ე წელია, რაც ფესტივალი ტარდება და დღეს ისეთივე აქტუალური და თანამედროვეა, როგორც დასაწყისში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველივე წელს შეიქმნა და ნამდვილად დღესასწაული იყო მაშინდელი თბილისისთვის. წლევანდელი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია. თბილისის მერიისთვის მნიშვნელოვანია ის ლექციები და მასტერკლასები, რომელიც საფესტივალო პროგრამაშია წარმოდგენილი, რადგან მუნიციპალიტეტისთვის არაფორმალური განათლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ.
„საჩუქარი 2018“-ის ფარგლებში, საქართველოში პირველად მოეწყობა სკანდინავიური კულტურის გაცნობა-დათვალიერება. მაყურებელს საშუალება ექნება, ეზიაროს მსოფლიოში წამყვან ნორვეგიულ ქორეოგრაფიას, დიზაინს, მუსიკასა და ზოგადად თანამედროვე მხატვრულ ესთეტიკას. ასევე, მნიშვნელოვანია ნორვეგიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის ქორეოგრაფის ალან ლუსიენ ოიენის თეატრის „ზამთრის სტუმრები“ მონაწილეობა ფესტივალში. მისი წარმოდგენა „სიმულიაკრი“ მრავალი ჯილდოს მფლობელი არგენტინელი მოცეკვავის, დანიელ პროიეტოს და 78 წლის იაპონელი ფლამენკოს ლეგენდის, შოჯი კოჯიმას ისტორიული შეხვედრაა. ამასთან, ჩატარდება „სარდინიის კულტურის დღეები“ საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, რუსთაველის თეატრში, სარდინიის ნაციონალური თეატრის სახელგანთქმული სპექტაკლის, უილიამ შექსპირის „მაკბეტის“ ქართული პრემიერა გაიმართება.
ფესტივალის განმავლობაში, ჩატარდება იტალიის კინოაკადემიის მთავარი პრიზით David di Donatello 2017 დაჯილდოებული მხატვრული ფილმის „სიზმრების ქსოვილი“ (La stoffa dei sogni) ჩვენება, რომელსაც მისი რეჟისორი ჯან-ფრანკო კაბიდუ დაესწრება. ასევე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება სარდინიელი მწერლის მარჩელო ფოის ლექცია სტუდენტებთან და პროფესიონალებთან, რომელზეც იგი თანამედროვე იტალიურ ლიტერატურაზე ისაუბრებს. მარჩელო ფოი თავის ახალ წიგნს წარადგენს და ქართველ კოლეგებს შეხვდება.
ფესტივალის ფარგლებში, 4 ნოემბერს დაგეგმილია ქართულ-სარდინიული კონცერტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და სტუმრებისთვის, რომელიც ძველ თბილისში, ფესტივალის კლუბში გაიმართება. ერთი დღით ადრე კი, რუსთაველის თეატრში ღია „ვორკშოფი“ ჩატარდება.
ფესტივალის პროგრამაში ტრადიციულად გამორჩეული როლი უკავია დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიას, რომელიც წელს წარმოგვიდგენს ახალ სპექტაკლს - „უმზითვო“.
მნიშვნელოვანია 2018 წლის ფესტივალზე ინგლისელი ანალიტიკოსისა და საერთაშორისო მრჩევლის, ბერლინის რობერტ ბოშის აკადემიის წევრ-კანდიდატის, ევროკავშირის კონკურსების: „ინოვაციათა ევროპული კაპიტალის ჯილდო“ , „შემოქმედებითი ევროპის ახალი ინიციატივები“ (New Innovations in the Creative Economy (N.I.C.E.) და „ურბანული ცვლილებების აქტორები“ თავჯდომარის ჩარლზ ლანდრის სტუმრობა, რომლის ლექცია-პრეზენტაცია დედაქალაქის საკრებულოში იგეგმება.
ფესტივალს დახურავს თანამედროვე მსოფლიო ცეკვის გარდამტეხი მოვლენა, დიდი ბრიტანეთის ნაციონალური საცეკვაო სცენის „სედლერ უელსის“ ვარსკვლავის, ჰოფეშ შეხეტრის დასი, ახალი წარმოდგენით - „შოუ“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ელჩი თავად წარუდგენს მაყურებელს რუსთაველის თეატრის სცენაზე.