რას უკავშირებს გიორგი ვაშაძის წასვლას პარტიიდან „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიხეილ მაჭავარიანი - ამის შესახებ ის „ალიას" ესაუბრა. მისი თქმით, ვაშაძე სიის ათეულში ვერ მოხვდა.
„გაიხსენეთ თბილისში მერობის კანდიდატის პრაიმერისი. მან უარი თქვა პრაიმერისზე, ვინაიდან წაგების შეეშინდა. გაიხსენეთ მისი მონაწილეობა პარტიის აღმასრულებელი მდივნის არჩევაში. მოკლედ, არანაირი გარანტირებული ადგილი არც ვაშაძეს და არც მაჭავარიანს სიაში არ აქვთ. ახლა დგება სია, ჩვენ მარტო იმ ადამიანებზე შევთანხმდით, რომელთაც აქვთ გამოცდილება, მაგრამ პოლიტიკისთვის ახლები არიან და ამიტომ ესეც ტყუილი ბრალდებაა, რომ მას ჰქონდა გარანტირებული ადგილი სიაში. ისიც ტყუილია, რაც ბატონმა ვაშაძემ თქვა, არანაირი პარტიის განახლების გეგმა მას არ მოუტანია, არსად არ განხილულა ეს ყველაფერი, ამიტომ, როცა ის საუბრობს ტყუილებით, რა უნდა ვუპასუხო?!
მე როგორც ვიცი, პარტიის ლიდერები, იგივე აღმასრულებელი მდივანი რატიანი, იგივე თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მელია, სთავაზობდნენ მას ამ ხალხის ინტეგრირებას პარტიაში. კონკრეტულად მელია სთავაზობდა, რომ მთლიანად ეს გუნდი გადასულიყო თბილისის ორგანიზაციაში და აღმასრულებელ, მმართველობით რგოლშიც მიეღოთ მონაწილეობა. იგივე ბანაკებს რომ აკეთებდა, მაშინ იყო საუბარი, რომ ეს ბანაკები კი არ ყოფილიყო უბრალოდ საზაფხულო ბანაკები, არამედ გამოეყენებინა პარტიას თავის კონკრეტული ტრენინგებისთვის, ეს ადამიანი მუდმივად იკავებდა თავს. მის დასახელებას ათეულში არავინ აპირებდა, ვინაიდან, ფაქტობრივად, ბოლო 4 თვის განმავლობაში ის პარტიაში სულ 15-ჯერ თუ იქნება ნამყოფი. უკრაინაში იყო ძირითადად, ჩამოდიოდა საპარლამენტო კვირაში და თუ თბილისში იყო, მიდიოდა თავის არასამთავრობოში.
ისევ გიმეორებთ, წარსულია უკვე ჩემთვის ვაშაძე და ეგ კაცი არის ჩემთვის ცრუპენტელა, მატყუარა ადამიანი და მე ვერ გამოვიტან ჩვენს შიდა სამზარეულოს გარეთ, არც სურვილი არ მაქვს და ვერც საჭიროებას ვხედავ, ჩვენ იმ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ, რაც ახლა მოსახლეობას აწუხებს. ვაშაძის ყოველი სიტყვის კომენტირებას არ ვაპირებ, რაც ვთქვი, ესეც ზედმეტი ყო, მე თუ მკითხავთ" - განაცხადა მაჭავარიანმა.