logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: ნაკლებად მჯერა მამუკა ახვლედიანის გულწრფელობის!
- +

24 თებერვალი. 2016. 14:42


 

„ძალიან ნაკლებად მჯერა მამუკა ახვლედიანის გულწრფელობის", - განუცხადა „რეპორტიორს" ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა თბილისის საქალაქო  სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე საუბრისას. მისი თქმით, ახვლედიანს ამ დრომდე არ უსაუბრია იმ პრობლემათა შესახებ, რაც ამ სისტემაში არსებობდა.


„ეს ადამიანი 7-8 წელი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო და სიტყვა არ უთქვამს იმ უამრავ პრობლემაზე, რაც არსებობდა სასამართლოს წინაშე. სასამართლოს რომ სართოდ არ ჰქონდა დამოუკიდებლობა და პროკურატურის დანამატს წარმოადგენდა, ეს მას საერთოდ არ აღელვებდა. დღეს კი უცებ გამოდის და ამბობს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ინგრევაო, თითქოს მისი თავმჯდომარეობის დროს იყო დამოუკიდებელი სასამართლო", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.


მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და მამუკა ახვლედიანმა თავისი პოზიციის დასამტკიცებლად უნდა წარმოადგინონ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც მათ ერთმანეთის მიმართ აქვთ.


„მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ედავება მამუკა ახვლედიანს, რომ დარღვევები ჰქონდა საქმეებში და სუსტი მენეჯერი იყო. საქალაქო სასამართლოში არსებობდა კორუფციაც  - ამის დამადასტურებელი მტკიცებულება უნდა დადოს. ხოლო მამუკა ახვლედიანმა ბრალდებები, რომელსაც მას უყენებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა გააბათილოს ფაქტებით. თორემ სიტყვიერად ყველა ადამიანს შეუძლია ბრალდებების წაყენება", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.


რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის შეხვედრას მოსამართლეებთან, ამ ფაქტს ადვოკატი დადებითად აფასებს.


„მთავარი პრობლემა სასამართლოში არის მოსამართლეთა სიმცირე. თითოეულ მოსამართლეს 200-ზე მეტი საქმე აწერია. შეუძლებელია ასეთ რეჟიმში, რაც არ უნდა კვალიფიციური იყოს მოსამართლე, სათანადოდ განიხილოს საქმე... ის, რომ ნინო გვენეტაძე შეხვდა მოსამართლეებს და მოუსმინა მათ პრობლემებს, ეს დადებითი ფაქტია", - განაცხადა ადვოკატმა „რეპორტიორთან" საუბრისას.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner