მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა. ფინალური კენჭისყრის დროს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს.
120-მანდატიან პარლამენტში ქვეყნის სახელწოდების შეცვლის სასარგებლოდ ხმა 80 დეპუტატმა მისცა.
მაკედონიის პარლამენტში აღნიშნულ საკითხს რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდნენ. პირველი კენჭისყრის შედეგები სპიკერის მოთხოვნით გაუქმდა.
აღნიშნული კენჭისყრა მაკედონიასა და საბერძნეთს შორის არსებული დავის მოგვარებაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით მაკედონიამ და საბერძნეთმა შეთანხმებას რამდენიმე თვის წინ მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია უნდა დაერქვას, სანაცვლოდ კი ოფიციალური ათენი მეზობელი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხელს აღარ შეუშლის.