logo_geo
eng_logo
ექვთიმე თაყაიშვილის ჩუმი გმირობა
- +

24 თებერვალი. 2016. 15:01

 

 

ექვთიმე თაყაიშვილი - ეს სახელი და გვარი ქართველებისთვის კარგად არის ცნობილი. ექვთიმე ღვთისკაცი, როგორც მას წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხვის შემდეგ უწოდა, დიდი რუდუნებით აგროვებდა ეროვნული საგანძურის ფასდაუდებელ ნიმუშებს, რასაც დღეს უნიკალური ქართული საგანძური ჰქვია.


„არტინფო" ექვთიმე თაყაიშვილის ჩუმი გმირობის შესახებ მისივე ჩანაწერები მოგიყვებათ:


***

„საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს...


რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი. არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო! თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივი შესწავლის აუცილებლობას".


***

„სულ იმას ვშიშობდი, ის არ დაიკარგოს, ის არ წახდეს, ყველაფერი აღვწერო, რაც შეიძლება მეტი გამოვცე, გადმოვიღო, შევიძინო, შემოვაწირვინო, მუზეუმი შევქმნა, რომ შეინახოს ეს ყველაფერი-მეთქი და ასე მიდიოდა ჩემი მუშაობა...


სად მქონდა იმის დრო და საშუალება, რომ დავმჯდარიყავი და ნამდვილი გამოკვლევები მეწერა?! რაც მოვასწარი, ისიც მიკვირს! როგორ არ მეზარებოდა? როგორ ვახერხებდი ამდენ რამეს, პირდაპირ საკვირველია! ამას ყველაფერს იმისთვის ვაკეთებდი, რომ მერე გამოჩნდებოდნენ მკვლევარები და ყველაფერს შეისწავლიდნენ. მართლაც, აბა რგას იზამდა, თუ გინდა ჯავახიშვილი, თუგინდ სხვები, ეს რომ არ ყოფილიყო შეკრებილი და გამოცემული?! ისინი ხომ ჩემი გამოცემებით სარგებლობდნენ..."


***

ექვთიმე თაყაიშვილმა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ტაო-თორთუმ-ისპირში უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია მოაწყო, სადაც ქართული ისტორიული ძეგლები განადგურების პირას იყო და მეუღლეს ანდერძად დაუბარა, „თუ ცოცხალი არ დავბრუნდი, მოკრძალებით დამმარხეთ, ქონება კი საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას დარჩესო".


ამ ექსპედიციის ფოტოებე მუშაობისას, ექვთიმე თაყაიშვილს ერთმა ახალგაზრდა კოლეგამ ჰკითხა: „ბატონო ექვთიმე, ხუროთმოძღვრების ძეგლებზე სამუშაოდ უნივერსიტეტშივე ემზადებოდით, რომ ასე საფუძვლიანად გცოდნიათ ეს ყველაფერიო?" რაზეც ექვთიმემ უპასუხა: „არა ბატონო, უნივერსიტეტში მე პედაგოგად ვემზადებოდი და მერე ჩამოვედი და ვნახე, რომ ძეგლები იღუპება და კაცი მაგათი შემსწავლელი აღარავინაა. ბაქრაძე ხომ ადრე გარდაიცვალა?! მოვკიდე ხელი, ჩემით შევისწავლე ლიტერატურა და ისე გავიწაფე, ახლა ეს მთელი სკოლა და ინსტიტუტია და დეტალურად სწავლობენო".


***

მართლაც ექვთიმე თაყაიშვილმა თავისი საქმიანობით ჩუმი, მაგრამ შეუფასებელი გმირობა ჩაიდინა და ეროვნული საგანძურის მოვლა-პატრონობას შესწირა თავი. მას არც ემიგრაციაში ულხინდა. საფრანგეთში ერთი თხა ჰყავდა, რომელსაც წველიდა და მის რძეს სვამდა. ექვთიმე ღვთისკაცი უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას თბილისში 40-ოდე ადამიანი ესწრებოდა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner