გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ამასთან, მოსამართლე გიორგი კერეტაშვილმა განმარტა, რომ არსებობს გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე და ეს იყო ის ძირითადი რისკი, რაზე დაყრდნობითაც მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.
მოსამართლის თქმით, არსებობს მაღალი რისკი, რომ თავისუფლებაში ყოფნის დროს ბრალდებულები ერთმანეთში გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ.
გიორგი კერატაშვილმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ბრალდებულების დანაშაულებრივი წარსულიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა კალისტრატე ერქვაიამ, მამუკა მარგველაშვილმა, გოჩა ჩეჩელაშვილმა, თემურ კენჭაძემ, მამუკა ესაძემ 1995 წელს დაბადებულ ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილს გიორგი დეკანოიძეს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.