„ორმაგი 13 - 1981 წლის 13 მაისს, „დინამოს" გამარჯვებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს:
აბა, ახალი რა უნდა თქვა და როგორ უნდა აღწერო ის გრძნობა ხელახლა და მერამდენედ,
ყველას რომ დაეუფლა იმ 1981 წლის 13 მაისს, განურჩევლად იმისა, უყვარდა თუ არა
ფეხბურთი... ამიტომ, მოდით, იქნებ ჩემს ორმაგ ცამეტ მაისზე გიამბოთ, რახან ისე მოხდა,
რომ 13 მაისი ჩემი დაბადების დღეა...
თუ წარმოიდგენთ 9 წლის, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ ბიჭუნას და იმას, როგორი
გაფართოებული თვალებით, როგორ აჩქარებული გულით შეხვდა ამ უბადლო გარღვევის
დაწყებას, თქვენ მიხვდებით, რომ ის, 1981 წლის 13 მაისი იყო ჩემი ყველაზე ბედნიერი
დაბადების დღე.
სამეგრელოს ერთი ქალაქის სახლის ერთი ოთახი. ტელევიზორი "ვესნა 308" ხის ოთხ
ფეხზე მდგარი. ოთახის შუაში მრგვალი, მასიური ხის მაგიდა. მაგიდაზე გრაფინი, წყალი
და ორი ბოთლი, გაუხსნელი ღვინო, ყველი, პური, კიდევ რაღაცრუღაცეები, ყველაფერი არ
მახსოვს და არცაა მთავარი. მაგიდის ირგვლივ დამსხდარი მამაჩემი, ბიძაჩემი, მეზობელი და ყველაზე მეტად ბიძაჩემი ნერვიულობს, ემოციურია ნამეტნავად. პირველი იმედგაცრუება
ჰოპე. ბიძაჩემი გრაფინიდან ჭიქაში წყალს ისხამს და წკარუნზე ვხვდები ხელი
უკანკალებს. სახეზე მიტკლისფერია.
"ნუ გეშინიათ, აუცილებლად მოვიგებთ, ორ გოლს გავიტანთ!", ჩემი სიმშვიდის მიკვირს,
ამას რომ ვამბობ. თვალს მარიდებენ, არაფერს ამბობენ. "აჰა, არ გჯერათ?" ვბრაზობ
გულში, "დღეს "დინამო" მოიგებს, დღეს ჩემი დაბადების დღეა!".
მერე გუცაევის გოლი და ყიჟინა ღია ფანჯრიდან მეზობელ სახლებში მიყუჟებულებს
აღმოხდენილი სიხარულის ბგერები იჭრება. ამაყად ვუყურებ ყველას, თითქოს, ესესაა, მე
გავიტანე გოლი. ბიძაჩემს ფერი დაუბრუნდა, მამა მეძახის და თავზე მკოცნის: "გავიტანთ
აბა, კიდევ?" მეკითხება. "აბა რა!", ვეუბნები ამაყად.
მერე კი კიდევ ერთი გოლი, კარგად მოგეხსენებათ, ვისიც. ბიძაჩემი სკამიდან ხტება,
ზუსტად გოლგატანილი ფეხბურთელების მოძრაობას იმეორებს და მე მწვდება. ჭერი
დაბალია, აივანზე გავყავარ და ჰაერში რამდენჯერმე მაგდებს. ჩემზე ბედნიერი იმ წუთას
არავინაა, ვიცინი, ვიცინი, ვკვდები სიცილით...
ამ ეპიზოდებს მერე სულ, ყოველ ცამეტ მაისს ვიხსენებდით. "ჰა, როგორ იყო?", იკითხავდა
ბიძაჩემი და ვყვებოდით ხან ერთი, ხან მეორე და ხან მესამე. ასეთი იყო ჩემი 13 მაისი,
ორმაგი ცამეტი მაისი...
აბა, ახალი რა უნდა თქვა ისეთ საყოველთაო თარიღზე, რომელიც ყველასია და როგორიც 13
მაისია. ან რა უნდა თქვა, ან როგორ უნდა გეყოს თავხედობა და თქვა, რომ 13 მაისი შენი
დღეა, მხოლოდ შენი.
როგორ უნდა თქვა, რომ მაშინ შენთვის იწურებოდა ოფლში გუცაევი, შენთვის იქნევდა
ხელებს ნათხოვები ხელთათმანებით და მაისურით კარში მდგარი ოთარ გაბელია, შენთვის
ცმუკავდნენ ქართველები "რაინშტადიონის" ტრიბუნაზე და ის ბურთიც შენთვის, სწორედ
შენთვის წაართვა ზაქრო თელიამ მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯს... არადა, მაშინ, 1981
წლის 13 მაისს, სწორედაც რომ ასე იყო...
მაპატიეთ, თუ თქვენი 13 მაისი დავჩრდილე, შემოგეჭერით... დღეს 13 მაისია, ქართული
ფეხბურთის დღე. ყველას გილოცავთ!