დღეს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. ქართველი მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი 1893 წლის 15 მაისს , სოფ. ძველი აბაშაში დაიბადა.
კონსტანტინე სიმონ გამსახურდიას ბოლო, მეცხრე შვილი იყო. ანბანი მან სოფლის სამრევლო სკოლაში ისწავლა. მოგვიანებით მამამ შვილები კონსტანტინე და ვანო ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარა. კონსტანტინემ სკოლა 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ მამამ ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის გიმნაზიაში ჩარიცხა, რის შემდეგაც კონსტანტინე აბაშაში მხოლოდ არდადეგებზე ჩადიოდა.
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1913 წლის გაზაფხულზე კ.გამსახურდია იძულებული ხდება დროებით სამშობლოში დაბრუნდეს. კიტა აბაშიძის მზრუნველობით ამჯერად მას შავი ქვის მრეწველთა სტიპენდია დაენიშნა და 1913 ოქტომბრიდან 1914 წლის მარტამდე სწავლობს მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1914 წლის ზაფხულში მწერალი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა იქაურ უნივერსიტეტში. გერმანიაში გატარებული დრო იყო უმნიშვნელოვანესი პერიოდი მწერლის ცხოვრებაში, რამაც არსებითად განსაზღვრა მისი მომავალი შემოქმედებითი მიზანსწრაფვა. ამ დროისათვის კონსტანტინე გამსახურდიას უკვე აქვს დაწყებული აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა. მისი, ლექსები, წერილები და თარგმანები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. ასევე თანამშრომლობდა გერმანულ პერიოდიკაში.
გამსახურდიას სამწერლო დიდება მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ისტორიული რომანის ჟანრთან. რომანი „დიდოსტატის მარჯვენა" (1939) გამსახურდიას შემოქმედების მწვერვალია. ავტორისეულ ჩანაფიქრს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდარული ისტორია. ნაწარმოების მხატვრული კონცეფცია ხორციელდება მეფე გიორგი I-სა და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრის, კონსტანტინე არსაკიძის მხატვრულ სახეთა გახსნითა და შეპირისპირებით. გიორგი პირველი შინააშლილობის დათრგუნვის გზით მტკიცე პოლიტიკური ერთმმართველობის დამკვიდრების გამოხატულებაა. არსაკიძე შემოქმედებითი პოტენციის, ხელოვნებისა და შრომის დიდ თემას განასახიერებს. სვეტიცხოველი ერის სულიერ-ზნეობრივი და ესთეტიკური იდეალების მატერიალიზებული სიმბოლოა.
კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში. იგი პროზის დიდოსტატია, ასევე განუზომლად დიდია მისი ღვაწლი ქართული კრიტიკის, პუბლიცისტიკის, ესეისტიკის, პოეზიის, მთარგმნელობითი ხელოვნების, ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა განვითარების თვალსაზრისითაც. 1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წელს ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი", მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. გამსახურდიას ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზე. ის დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში. 2008 წლის 5 მარტიდან კონსტანტინე გამსახურდიას პირადი არქივი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
კონსტანტინე გამსახურდია 1975 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა. ის კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს, რადგან მთაწმინდაზე ადრევე უარი თქვა, საქართველოს დამაქცევარის, ფილიპე მახარაძის გვერდით არ დავიმარხებიო...