ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„არანაირი ინფორმაცია ცვლილებებზე არ მაქვს. არ მგონია, ამ შემთხვევაში რამე იგეგმებოდეს. ზოგადად, ცვლილებებს რაც შეეხება, ერთადერთი რაც არის უცვლელი, არის ის, რომ ყველაფერი არის ცვალებადი. დანარჩენი ყველაფერი იცვლება ქვეყანაში და მინისტრი, პარლამენტი და ვიღაცა უცვლელი ვერ იქნება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ინფორმირებული არ არის სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა, მისივე თქმით, ცვლილებები ჩვეულებრივი ამბავია.
„მე არ ვიცი რა წყაროს ეყრდნობიან ის მედიასაშუალებები, რომლებმაც ეს ინფორმაცია გაავრცელეს. ზოგადად ცვლილებები არის ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული ამბავი. ყველაფერი ცვალებადია, თუმცა მე კონკრეტულად ინფორმირებული არ ვარ ამ საკითხზე", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში გაზაფხულზე ცვლილებები იგეგმება.