„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო სულ უფრო მეტად ცნობადი გახდა მსოფლიოში და ამის მიზეზს მარტივად მიხვდებით, თუ ამ შესანიშნავ, დემოკრატიულ ქვეყანასა და ხალხს ისე გაიცნობთ, როგორც მე ვიცნობ. შესაძლოა, ეს ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა მსოფლიოში“ - ამის შესახებ მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელი, სტივენ ფეარი წერს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ფეარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი ქობულიას შეხვდა.
„საქართველოში ამბობენ, სტუმარი ღვთისააო. დამერწმუნეთ, სწორედ ასე გრძნობს თავს საქართველოში ჩასული სტუმარი. ეს ვიზიტი განსაკუთრებით სასიამოვნო გამოდგა ჩემთვის, რადგან ჩემი შვილი და ბიზნესპარტნიორი ლეონიც თან მახლდა. ჩვენ ყოველთვის ერთად მგზავრობას ვანიჭებთ უპირატესობას, როდესაც ვიზიტისას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ორი თავით მიღებული გადაწყვეტილება უფრო გონივრული იქნება“ - აცხადებს სტივენ ფეარი.
ფეარი მოუწოდებს საერთაშორისო ბიზნესმენებს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განახორცილონ საქართველოში, რადგან სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების წყალობით, საქართველოს წვდომა აქვს 2,3 მილიარდიან ბაზარზე.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა ერთსაათიანი, პირადი შეხვედრა გვქონოდა ქვეყნის პრემიერ მინისტრთან, ბატონ მამუკა ბახტაძესთან. ამ შეხვედრის შემდეგ ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ პრემიერ მინისტრის მიზანია შექმნას და გააძლიეროს სამეწარმეო კულტურაზე დაფუძნებული ყოვლისმომცველი დემოკრატია. ასევე შევხვდით ეკონომიკის მინისტრს, ბატონ გიორგი ქობულიას, რომელიც გეგმავს, რომ განავითაროს ღია ბაზრის მქონე, თავისუფალ მეწარმეობაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ნამდვილად სასიხარულოა, რომ საქართველოში ამდენი ახალგაზრდაა დასაქმებული მაღალ პოზიციებზე, თავად პრემიერ მინისტრი ჯერ 40 წლისაც კი არ არის“ - აღნიშნავს ფეარი.
მისივე განცხადებით, საქართველო უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა - იტალიასა და საფრანგეთზე ძველიც კი - მისი ღვინის დაყენების კულტურა 8500 წელს ითვლის.
„სულ მალე ქვეყანაში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაზე და აბრეშუმის გზის ინიციატივის განხორციელების ფარგლებში, ჩვენ ვნახავთ, რომ გაიჭრება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი მარშრუტი, რომელიც საქართველოზე გაივლის. ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზეა და გარდაუვალია ის ფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში. ეს არის უსაფრთხო, სტაბილური სახელმწიფო, რომლის მთავრობა კარგად აცნობიერებს ბიზნესისა და ვაჭრობის მნიშვნელობას და, შესაბამისად, ქვეყნის მომავალი ნამდვილად ნათელია“ - წერს „Fear Group“-ის დამფუძნებელი.
ფეარი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო აშკარად ღიაა ბიზნესისთვის და შეიძლება იყოს შესანიშნავი ადგილი მსხვილი საწარმოებისა და, ასევე, იმ კომპანიების სათაო ოფისები განსათავსებელად, რომელთაც სურთ თავისუფალი წვდომა ჰქონდეთ 2.3 მილიონზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზარზე.