logo_geo
eng_logo
არჩილ არველაძე: კახა ცხადაძის გათავისუფლება შეცდომა იყო
- +

15 მაისი. 2016. 14:52



მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა, ძმებმა არველაძეებმა ჩრდილში გადაინაცვლეს. შესაძლოა, მათ მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, თუმცა ერთ რამეში აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ - მათ შეუძლიათ, დიდი სარგებლობა მოუტანონ ქართულ ფეხბურთს. არველაძეების ნიჭი და უნარი დასაკარგი ნამდვილად არ არის...


აგერ, რა ხანია, მათთან არ გვისაუბრია. გუშინ ნავსი გატყდა - "ლელოს" შეკითხვებს არჩილ არველაძემ უპასუხა.


საუბარი თურქული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩით დავიწყეთ, რომელშიც შოთაც მონაწილეობდა... ცხადია, მერე სხვა თემებსაც გადავწვდით...


- მეც უნდა მეთამაშა იმ შეხვედრაში, - გვითხრა არჩილმა საუბრის დასაწყისში, - ორგანიზატორებმა მიმიწვიეს, მაგრამ თავი შევიკავე. გავიგე, რომ დარბაზში უნდა ჩატარებულიყო ის მატჩი, ხელოვნურ საფარზე. ჰოდა, ჩემი ფეხის პატრონი ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდა?! ამიტომაც შევიკავე თავი.


- თავდაპირველად არველაძეების ფონდზე გკითხავთ. თუ არის რაიმე სიახლე? ახალი პროექტები ხომ არ იგეგმება?


- ფონდის ფარგლებში არა, მაგრამ ახალი პროექტის განხორციელებას მართლაც ვგეგმავთ. მოკლე ხანში იქნება პრეზენტაცია და ყველაფერს ამომწურავად შეიტყობთ ამ პროექტის თაობაზე.


- ზოგადად მაინც რომ გვითხრათ...


- ზოგადად შეიძლება. მოკლედ, პროექტის სახელწოდებაა "ფეხბურთის თერაპია". ეს პროექტი არის გათვლილი იმ დევნილ ბავშვებზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სწავლობენ ფეხბურთის თამაშს.


ჩვენ გვინდა, რომ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მათ. გვინდა, რომ უფასო ბურთები და ფორმები ჰქონდეთ, გვინდა, რომ ლიცენზიების მფლობელმა მწვრთნელებმა ავარჯიშონ და ასე შემდეგ. კიდევ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი...


- რომელს გულისხმობთ?


- იცით, ეს ძალიან მასშტაბური პროექტია და, ალბათ, ჯობია, არ ვიჩქაროთ. ამ პროექტში ჩვენი ფონდიცაა ჩართული. კერძოდ, საქმე ეხება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს. ჯერჯერობით, ძალიან ბევრი რამაა დასაზუსტებელი. აქედან გამომდინარე, ჯერ ვერ გაგიმხელთ, რომელ რეგიონზეა ლაპარაკი. თუმცა იმას კი ვიტყვი, რომ ისეთი რეგიონია, რომელსაც ძალიან სჭირდება ამგვარი პროექტი.


თუ ეს ბოლომდე განხორციელდა, თუ აშენდა ის, რაც უნდა აშენდეს, მაშინ ამ რეგიონის ახალგაზრობა მნიშვნელოვნად იქნება ინტეგრირებული არა მარტო ფეხბურთში, არამედ, საერთოდ - სპორტში. ეს იმხელა მნიშვნელობის პროექტია, რომ დიდი ალბათობით, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაც დაგვჭირდება, მაგალითად - გაეროსი, სხვა ორგანიზაციებისაც...


უკვე იცით, რომ ჩვენ ვახორციელებთ პროექტს რაჭაშიც. რაც შეეხება ფონდს, ის აგრძელებს ნიჭიერი მოზარდებისა და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებით დაკომპლექტებული საფეხბურთო სკოლის დახმარებას... შეგვემატა ერთი-ორი სტიპენდიანტი. მოკლედ, ვცდილობთ...


- საინტერესოა, როგორ უყურებთ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას?

- რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ გვაქვს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და ფონდიც შეიქმნა. თუმცა, არის გარკვეული კითხვებიც. იმისიც მჯერა, რომ ამ შეკითხვებზე იქნება პასუხები, როცა ეს სტრუქტურა ჩამოყალიბებულ სახეს მიიღებს.



- თქვენ რა კითხვები გაქვთ სახელმწიფო პროგრამასა თუ ფონდთან დაკავშირებით?


- არის თუნდაც ლიცენზიასთან დაკავშირებული

საკითხები... ზოგი იმასაც ამბობს, ერთი გუნდის მწვრთნელს რატომ აქვს ხელფასი 5 ათასი და მეორეს - ნაკლებიო? ეს კლუბები ხომ სახელმწიფოს დაფინანსებაზე არიან და ერთნაირი თანხით ფინანსდებიან? ჩემი აზრი ასეთია - თუ კლუბებმა დაკარგეს დამოუკიდებლობა, ეს მათთვისაც რთული იქნება და ფეხბურთის ფედერაციისთვისაც.


აქ არ ვლაპარაკობ კერძო კლუბებზე, მაგრამ საინტერესოა, როგორ უნდა განხორციელდეს ფეხბურთელის ტრანსფერი ორ კლუბს შორის, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებაზეა? რა კრიტერიუმით?.. არის კიდევ საკლუბო მენეჯმენტის საკითხი.


ხომ არ დაკარგავს ეს თემა მნიშვნელობას? აი, ვთქვათ, მე ფეხბურთელი ვარ ამდენი ხანია და თქვენ - ჟურნალისტი. წესით, მე ხომ ცოტა მეტად უნდა ვიცოდე საფეხბურთო მენეჯმენტი? გამოჩნდება კი ეს განსხვავება? ალბათ მიმიხვდით, რისი თქმაც მსურს.


ვთქვათ, სახელმწიფო კლუბს გამოუჩნდა დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელი. დავარქვათ მას პირობითად - გიორგი ქინქლაძე. საინტერესოა, ვინ დაადგენს ამ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას? ისიც ხომ შეიძლება, რომ მე, ვთქვათ, მინდა, რომ ამ ნიჭიერ მოთამაშეს დავუნიშნო მაღალი ხელფასი, რადგან მჯერა, გაიტანს ბევრ გოლს, მომიტანს ბევრ ქულას და სამომავლოდ ძალიან გამომადგება...


ერთი სიტყვით, არის კითხვები, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ - მჯერა, როცა სტრუქტურა დაიხვეწება და საბოლოო სახეს მიიღებს, ამ კითხვებზე დასაბუთებულ, ბოლომდე არგუმენტირებულ პასუხებს მივიღებთ.


სიძნელეები ადრეც იყო და ახლაც არის. არის ზოგიერთი რეგიონი, ძალიან გინდა, გუნდი რომ ჰყავდეს და მაინც ვერ ხდება ასე... ერთ რამეზე კი მართლა ძალიან მწყდება გული.


- კერძოდ რაზე?


- ხშირად მესმის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებისგან, საქმეს ნულიდან ვიწყებთო. ძალიან გულნატკენი ვარ ამის გამო. როგორ იწყებენ ნულიდან? ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ევროპის ორ ჩემპიონატზე ვითამაშეთ იუნიორთა შორის. ძალიან ხშირად სულ ცოტა გვაკლდებოდა ამ ასაკში კონტინენტის პირველობამდე.


გახსოვთ, ყველა გვაკრიტიკებდა, რას შეგვჭამეთ ამ ბავშვთა ფეხბურთით, ამ იუნიორთა ნაკრებებითო! იქ მაინც იყო საქმე კარგად და ვამბობდით. რა პრობლემებიც იყო, როგორ არ ვხედავდით ამას?! ძალიან კარგადაც ვხედავდით.


სამწუხარო იყო, თბილისურ ელიტრაუნდში ასე რომ ითამაშა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა. ამ ბიჭებისგან ყველა მეტს ველოდით. 19-წლამდელებმა უკეთ ითამაშეს ესპანურ ელიტრაუნდში. თან ისეთი ჯგუფი იყო, უარესს რომ ვერ მოიფიქრებდი.


- სანაკრებო საკითხზეც უნდა გთხოვოთ აზრის გამოთქმა...


- ერთი თამაში იყო ყაზახეთთან ახალი მწვრთნელის ხელში და ვერ მოვიგეთ. მაგრამ ამ ერთი თამაშით ვერ გამოიტან დასკვნას... სხვათა შორის, ვაისს შევხვდი ერთ-ერთ თამაშზე და ვისაუბრეთ, აინტერესებს ყველაფერი და ეს ბუნებრივია.


მე არ ვიცი, როდის შეიტყო საქართველოს ნაკრების შესახებ, დეკემბერში თუ მერე, მაგრამ თავიდან ყველა ასეა - იმ გუნდის ფეხბურთელების თაობაზე ეძებს ინფორმაციას, რომელიც უნდა გაწვრთნას.


რა თქმა უნდა, ვაისმა ვიდეოჩანაწერებით გაიცნო ჩვენი მოთამაშეები, მაგრამ სულ სხვაა, როცა ფეხბურთელზე ან იმ ქვეყანაზე, სადაც უნდა იმუშაო, ადგილზე იღებ ინფორმაციას.


ვაისს ეგრევე ვერ გავაკრიტიკებ. მას ჯერ ცუდი არაფერი გაუკეთებია. ის კი უნდა ვთქვა ერთმნიშვნელოვნად, რომ კახა ცხადაძის გათავისუფლება შეცდომა იყო.


- დაბოლოს, საინტერესოა თქვენი აზრი კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატზე...


- შემადგენლობით და რესურსით ძალიან ძლიერია მასპინძელი - საფრანგეთი. თან არ უნდა დაგვავიწყდეს საშინაო კედლების ფაქტორი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფავორიტია გერმანიაც.


შედარებით ნაკლები იმედი მაქვს ესპანეთის და პორტუგალიის. შეიძლება, "გამოხტეს" ერთი ისეთი გუნდი, რომელიც არ არის გრანდი. მაგალითად, პოლონეთის ნაკრები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, იღბლიან ტალღაზეა და ვნახოთ...


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner