ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) საქართველოსთან თანამშრომლობას წარმატებულად აფასებს, - ამის შესახებ ბანკის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა პეტერ ვან მიერლომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც განათლების სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და აღინიშნა FMO-ს მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნული რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესში.
ხაზი გაესვა საქართველოს რეგიონულ როლს, მოწინავე პოზიციებს წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში და შესაძლებლობებს, რომლებსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, მათ შორის ევროკავშირთან, რეგიონის ქვეყნებსა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მეშვეობით. აღინიშნა, რომ საქართველო არის კარიბჭე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის, რაც მას მნიშვნელოვან პერსპექტივებს უხსნის.
ნიდერლანდების განვითარების ბანკმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდაში, ასევე მხარი დაუჭიროს საქართველოში ალტერნატიული საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების განვითარებას, რათა კაპიტალზე წვდომა მაქსიმალურად გამარტივდეს.
საუბრისას ასევე ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს და ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
შეხვედრას ნიდერლანდების განვითარების ბანკის ინვესტიციების კოორდინატორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში იან-ვილემ ჰუკი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოს დაუმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაესწრნენ.