logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძის საქმე პროკურატურაშია – აქვს თუ არა კანდიდატს პრეზიდენტობის უფლება და რას აცხადებს იურისტი
- +

24 ოქტომბერი. 2018. 18:43

 

 

 

მთავარ პროკურატურაში „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში დასმული კითხვის პასუხად განუცხადეს.

 

„მთავარ პროკურატურაში საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, ამ ეტაპზე სხვა დეტალებს ვერ გავასაჯაროებთ“, – აცხადებენ უწყებაში.

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2014 წლის ზაფხულში აღძრულ საქმეზე გამოძიება ოთხი წელია მიმდინარეობს.

 

საგამოძიებო უწყებაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანა, რაც უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.

 

აქვს თუ არა დავით ბაქრაძეს უფლება, კენჭი იყაროს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში – ამ კითხვით „კვირა“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ დაუკავშირდა.

 

აღმოჩნდა, რომ დავით ბაქრაძეს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. უფრო მეტიც, მის მიმართ მთავარ პროკურატურას აქვს კითხვები, რომელიც საზოგადოებამ და საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს.

 

ამასთან, მთავარ პროკურატურაში გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს საგამოძიებო უწყება.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კანონი სამართლებრივად არ უზღუდავს კანდიდატს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

 

 

„სამართლებრივად ეს არ არის დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან კანონში საბოლოო ჩანაწერი არ არსებობს, კანდიდატს შეზღუდული ჰქონდეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. აქ საუბარია იმაზე, რომ მის მიმართ არსებობს კითხვები, თუმცა რამდენად ლეგიტიმურია ეს კითხვები, ჯერ საბოლოო შედეგი არ დამდგარა. როგორც წესი, პროკურატურას უნდა დაესრულებინა საგამოძიებო მოქმედებები ან შუალედური გადაწყვეტილება მიეღო, გამომდინარე იქიდან, რომ შეეძლო, თუნდაც, შეეწყვიტა საგამოძიებო მოქმედებები ან სხვა კვალიფიკაცია მიეცა მისთვის. ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენად არის მოცემულ შემთხვევაში საქმე გამოძიებული ან გადაწყვეტილება მიღებული. შეზღუდვა არსებობს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემთხვევაში. აქ სხვა გარემოება ჩანს და არსებობს, ერთი მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფცია, მეორე მხრივ, არ არსებობს რაიმე გამამტყუნებელი მტკიცებულება, რომელიც ამ თვალსაზრისით, რაიმე ფორმით აკრძალვას დააწესებდა. ეს უფრო მორალური მნიშვნელობის საკითხია, რადგანაც სამართლებრივად საგამოძიებო ორგანოს არსებულ საქმესთან აქვს კითხვები, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს, რომ კანდიდატს საარჩევნო კოდექსი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უზღუდავდეს“, – აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

 

ამასთან, იურისტი „კვირასთან“ საუბრისას განმარტავს დავით ბაქრაძის მიმართ მორალურ პასუხისმგებლობასაც:

 

„მორალურად, რა თქმა უნდა, არ აქვს უფლება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. როდესაც კანდიდატს აქვს საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი და არსებობს სამართლებრივი საჩივარი კომპეტენტურ ორგანოში, თავად კანდიდატის ვალდებულებაა, ამის შესახებ საზოგადოებას მისცეს სრულყოფილი ინფორმაცია, რადგანაც ჩვენ, ამომრჩეველმა უნდა ვიცოდეთ ყველა გარემოება ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში, არსებობს თუ არა ამ კანდიდატის მიმართ რაიმე სამართლებრივი კითხვები. ეს არის მორალური მნიშვნელობის საკითხი და საზოგადოებას აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ იცოდეს ყველა ინფორმაცია, რადგანაც პრაქტიკულად, ის ამ განაცხადით, რომ ის მომავალი პრეზიდენტი ხდება, მოცემულ შემთხვევაში საჯაროობის მაღალი დონის ინტერესიდან გამომდინარე, ეს ინტერესი დაკმაყოფილებული უნდა იყოს“, – აცხადებს კაიკაციშვილი.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ თუ კანდიდატმა არჩევნებში გაიმარჯვა და პრეზიდენტი გახდა და ამასთან იგი პროკურატურამ დამნაშავედ ცნო, მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, რაც საბოლოოდ, პრეზიდენტის გადადგომით დასრულდება.

 

„გამოძიების პროცესში და საგამოძიებო მოქმედებებისას ის იმუნიტეტით ვერ ისარგებლებს. თუ დანაშაული დამტკიცდება, შესაძლოა, მისი, როგორც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი უნდა გადადგეს“, – აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.

 

ცნობისათვის: მთავარ პროკურატურაში 2014 წლის ზაფხულში, სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: პირველი – 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც გათვალისწინებულია იურიდიული პირის ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა და მეორე – 355-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ვადით სამ წლამდე.

 

დანაშაულს საფუძვლად მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაედო. საუბარია დაახლოებით 795 ათას ლარზე. HCBS ბანკის ინგლისის ოფისში გახსნილი ეს ანგარიში, დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ 2014 წლის ივლისის ბოლოს დახურეს, თუმცა აღნიშნული თანხა საჯარო მოხელემ დავით ბაქრაძემ, რომელიც მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წევრი იყო, ქონებრივ დეკლარაციაში არ დააფიქსირა და არც შეიტანა.

 

მაშინ მთავარმა პროკურატურამ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე განმარტა გააკეთა, რომ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ საბანკო დოკუმენტებში ასახული თანხა ბევრად აღემატება ოჯახის წევრების ერთობლივ შემოსავალს, რაც დავით ბაქრაძის მიერ არის დაფიქსირებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში:

 

„2009-დან 2014 წლის ჩათვლით, ბაქრაძეს საჯარო მოხელის 6 დეკლარაცია აქვს შევსებული და არცერთ მათგანში, აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მითითებული არა აქვს“, – აცხადებდნენ პროკურატურაში.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ დავით ბაქრაძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარეს.

 

2014 წელს, დავით ბაქრაძემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და წერილობით განცხადებაში განმარტა, http://kvira.ge რომ ფული სავსებით კანონიერად არის მიღებული მას შემდეგ, რაც 2002 წელს მისმა სიმამრმა საკუთარი სახლი 400 ათას დოლარად მიჰყიდა შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, უცხოური ბანკის ანგარიშზე კი მისმა მეუღლემ მაკა მეტრეველმა თანხა, მამის თხოვნით, 7 წლის შემდეგ, 2009 წელს შეიტანა.

 

2014 წლის ივლისში კი ეს ანგარიში დახურეს და თანხა გამოიტანეს. მაშინ ამ საკითხს არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასახვა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დასჯადი ქმედებაა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner