„ბურჭულაძის ჯგუფის დეტალური პროგრამა არ მინახავს, მათ სიტყვის გარდა, საქმით უნდა აჩვენონ რა მიმართულებას ირჩევენ" - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობისა" და პაატა ბურჭულაძის პარტიების შესაძლო ალიანსის თაობაზე "კვირას" მიერ დასმულ კითხვას.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის მზადაა, ითანამშრომლოს ისეთ პარტიებთან, რომელთა საგრეო და ეკონომიკური ხედვა მათ ხედვასთან თანახვედრაშია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს არ იყო წინააღმდეგი რომელიმე ისეთ პარტიასთან თანამშრომლობისა, რომლებსაც აქვთ მსგავსი შეხედულებები და ამაში პირველ რიგში იგულისხმება ლიბერალური ეკონომიკა და დასავლური ორიენტაცია, ეს არის საფუძველი იმისა, რომ თანამშრომლობა შედგეს. ბურჭულაძის ჯგუფის დეტალური პროგრამა არ მინახავს, მათ სიტყვის გარდა, საქმით უნდა აჩვენოს საით არიან. ზოგადად, გარდა მეჭიაურისა, ყველა ამბობს იმას, რომ დასავლური კურსი აქვთ, მაგრამ მერე პრაქტიკაში რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ბუნდოვანი ხდება. კონკრეტული გადაწყვეტილებები ნატოს სამიტებთან დაკავშირებით, რუსეთზე რეზოლუციებით გამოჩნდება ვინ რამდენად პრინციპულია ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
პაატა ბურჭულაძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. „სახელმწიფო ხალხისთვის", - ასე ერქმევა მოძრაობას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა.