logo_geo
eng_logo
თინათინ ხიდაშელი: თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც დათქმის გარეშე უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატოში
- +

15 მაისი. 2016. 19:03



თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც უპირობოდ, რამე დათქმის გარეშე უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატოში", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ისმეთ ილმაზს აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში ჰეიდარ ალიევის კონგრესცენტრში შეხვდა. სამმხრივი მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებასა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე გაამახვილეს. თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პროექტზე, რომელსაც მხარს თურქეთიც უჭერს.


თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ვისაუბრეთ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე, მომავალ გეგმებზე. თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც უპირობოდ, რამე დათქმის გარეშე უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატოში. ვისაუბრეთ კომუნიკაციის გამარტივების ფორმებზე, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავცვალოთ ინფორმაცია. ამ მხრივ გვაქვს კონკრეტული წინადადებები. მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათი ნაწილი წლის ბოლომდე საქართველოში განხორციელდება, ნაწილი - ანკარაში, ნაწილი - ბაქოში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მინისტრს წლის ბოლომდე ვუმასპინძლოთ საქართველოში", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.


თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გადაწყდა, რომ საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები ერთობლივ წვრთნებსა და სასწავლო პროგრამებზე იმუშავებენ. შეხვედრის ბოლოს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა ქართველ კოლეგას წინასწარ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და 24-25 მაისს საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (GDSC) მისი მოადგილის სტუმრობა დაადასტურა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner