logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: უკულტურობასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას შორის, სამწუხაროდ, სადემარკაციო ხაზი აღარ გადის!..
- +

26 ოქტომბერი. 2018. 20:21

 

 

პოეტმა დავით მაღრაძემ გუშინ მიმართვა გაავრცელა, სადაც წერდა: „მინდა, მოგმართოთ საქართველოს მოსახლეობას და წინასწარ გთხოვთ, რომ მომიტევოთ ამ კადნიერებისთვის. ვიცი, რომ გვაქვს საფუძველი არაერთგვაროვანი იყოს ჩვენი პოზიცია არსებული ხელისუფლების მიმართ, რაც მკაფიოდ გამოვხატე ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში. მიუხედავად ამისა, ვხედავ, რომ არჩევანი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას შორის, ეს არის არჩევანი კულტურასა და უკულტურობას შორის. საქართველო ძველი კულტურის ქვეყანაა და ვიმედოვნებ, გამოვალთ არჩევნებზე და პირველივე ტურში დავამარცხებთ ამ გათავხედებულ უკულტურობას“.

 

მიმართვასთან დაკავშირებით პირველმა არხმა დავით მაღრაძეს რამდენიმე კითხვით მიმართა.

 

- ბატონო დავით, რას გულისხმობდით ამ განცხადებაში?

 

- ჩემს განცხადებაში ვგულისხმობდი იმას, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ზედაპირზე აშკარად ამოვიდა. საერთოდ არ ვაპირებდი ასეთი საჯარო განცხადებებით  წინასაარჩევნო მარათონში ჩართვას. მით უმეტეს, როდესაც ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდა  და პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია. ვიფიქრე, რომ უფრო მშვიდ გარემოში გაივლიდა საარჩევნო კამპანია, ვიდრე მიმდინარეობს. წინასაარჩევნოდ ვნებათაღელვას არ გამოვრიცხავ, ეს ლოგიკური და ბუნებრივია, მაგრამ ასეთი უხამსობისა და ბილწსიტყვაობის ნიაღვარი, რისი მოწმენიც ჩვენ შევიქმენით, საზოგადოების განვითარების ნორმალურ საფეხურზე არ მეტყველებს. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება შეიქმნა, უკვე ღია ეთერებით ძალიან შეურაცხმყოფელი, უხამსი და ბილწსიტყვაობით დახუნძლული განცხადებები კეთდება, ადამიანები აღარანაირ წესებს აღარ იცავენ, ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ. ეს არის აღვირახსნილი კამპანია, რომელიც მიმდინარეობს არა სალომე ზურაბიშვილსა და სხვა კანდიდატებს შორის, არამედ სალომე ზურაბიშვილსა და მის საწინააღმდეგო კამპანიას შორის. დაახლოებით ასეთი სურათი იკვეთება, ვინც უფრო მეტად მიაყენებს შეურაცხყოფას ქალბატონს, უფრო პირნათელი იქნება თავისი პარტიისა თუ  ბელადის წინაშე. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ისეთი სიტუაცია არის დღეს საქართველოში – რაც უფრო უსირცხვილო ხარ, მით უფრო თავისუფალი გქვია. ისინი, როგორც ჩანს, ერთმანეთს ასე აქეზებენ  – რაც უფრო უსირცხვილო იქნები, შენს თავისუფლებას მით უფრო ხაზი გაესმება. ჩვენში, სამწუხაროდ, თავისუფლებაზე ეტყობა ძალიან ზერელე წარმოდგენაა, ვინაიდან ეს ტენდენცია დიდი ხანია, არსებობს, რომ პირველყოფილი ინსტინქტების გამოთავისუფლება  კარგ ტონად ითვლება. ანუ, ადამიანი შეუდგება თავისუფლებისკენ სავალ გზას, თუ გამოათავისუფლებს პირველყოფილ ინსტინქტებს. არადა, ადამიანმა ადამიანის სახე მას შემდეგ მიიღო, რაც პირველყოფილ ინსტინქტებზე თავი შეიკავა. კულტურის ისტორია, შეიძლება ისეც ვიფიქროთ, რომ არის თავშეკავების ისტორია, მერე არის უკვე ღირებულებათა სისტემა, რომელიც შექმნა ადამიანმა, რის გამოც თავს იკავებს პირველყოფილი ინსტინქტებისგან. შემდეგ ღირებულებათა სისტემამ განაპირობა  ნაციის კულტურული ხასიათი, ნაციის ის თვისება გამომჟღავნდა, ვინ როგორ ემსახურა იმ ღირებულებათა სისტემას, რომელიც თითქმის იდენტურია, უბრალოდ ყველამ თავისი ნაციონალური ხასიათი გამოკვეთა მსახურების ფორმასა და თავისებურებაში. ეს ყველაფერი საქართველოში დღეს თითქოს დავიწყებულია, ერთმანეთს ეჯიბრებიან თავისუფლებისგან ვინ უფრო კარგად გათავისუფლდება. საერთოდ, თავისუფლება იმდენად შინაარსიანი და იმდენად ცხვირ-პირიანი ცნებაა, რომ მისგან გათავისუფლება დეგრადაციას ნიშნავს. თავისუფლებისგან გათავისუფლება  იმ ხალხის დევიზი არის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ როგორც კი ზნეობრივი კრიტერიუმებისგან გათავისუფლდებიან,  მათი თავისუფლებაც ეს იქნება.

 

- თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი უკულტურობასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას შორის?

 

- სამწუხაროდ, უკულტურობასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას შორის სადემარკაციო ხაზი აღარ გადის, ძალიან გაფერმკრთალდა. ეს არის კანტისეული ზნეობრივი კანონი  ჩემში. ამის უარყოფა და თუ ლიტერატურის ენაზე  დავიწყებთ საუბარს, დოსტოევსკისეული – თუ ღმერთი არ არსებობს, ეშმაკებში ყველაფერი ნებადართულია. მთავარია ღმერთი უარყო, შემდეგ უკვე  – არაფერი შემაკავებელი. თუმცა, აქ  უზრდელობასთან  და ერთმანეთის მიერ წაქეზებულ აღვირახსნილობასთან გვაქვს საქმე. საქართველოში იყო ძველი, კეთილი, კარგი საზოგადოება.  ძალიან ბევრ ოჯახებში ძველი ფოტოალბომები დღესაც ინახება, რა კარგი ქართული საზოგადოება იყურება იქედან, მათი გამომეტყველებები თითქმის გაქრა, ჩვენს თანამედროვეობას კანტიკუნტადღა შემორჩა. ის სახეები მეტყველებს მათ სულიერებაზე, რა შინაარსის, რა სიღრმის ადამიანი გიყურებს ამ ფოტოდან. ეს სულიერება დაიკარგა და ჩაითვალა, რომ ეს გამომეტყველება არის ერთგვარი ანაქრონიზმი. ახლა, რაც უფრო უშინაარსო, თავხედი და უტიფარი გამომეტყველება გექნება, ეს არის წარმატების საწინდარი. რაც უფრო უტიფარია ადამიანი, მით უფრო მარტივად მიაღწევს „წარმატებას“.

 

- თქვენმა გუშინდელმა სტატუსმა აზრთა  სხვადასხვაობა გამოიწვია, საზოგადოების ნაწილმა თქვენი განცხადება ზურაბიშვილის კამპანიის ნაწილად მიიჩნია. . .

 

- ამ ყველაფერმა მიბიძგა იქითკენ, რომ მეთქვა ის, რაც ვთქვი. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო გამოსავალი არ არის და კულტურის ხარისხის ამაღლება საზოგადოებაში ერთჯერადი აქტით არ მიიღწევა, მაგრამ ძალიან ფილოსოფიურადაც გამოეხმაურნენ, რომ სამწუხაროდ, ეს არ აწევს ჩვენში კულტურას. ეს არის მოცემულობა, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი სულიერი მდგომარეობა. მარტო სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიის შეფერილობას კი არა, ზოგადად,  ჩვენს საზოგადოებას ეხება. ზოგჯერ არის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ფილოსოფოსობა კი არ უნდა დაიწყო, თუ შეგიძლია, უნდა იმოქმედო. ეს ქართული კულტურის საძირკველშიც და გვირგვინშიც დევს. ქართული სულიერების ყველაზე საუკეთესო გამოხატულებაშიც, ანუ „ვეფხისტყაოსანშიც“, როდესაც ავთანდილი მეფეს უწერს: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“, ამაზეა საუბარი: ნუ ფილოსოფოსობ, შენ თვალწინ ხდება უმსგავსობა და შეგიძლია, გადაწყვეტილება მიიღო? და მიიღე გადაწყვეტილება. ნუ წერ ტრაქტატებს, თუ რატომ იკავებ თავს. ადამიანი ფიქრის გარდა, მოქმედებისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვისაც არის გაჩენილი. მაგალითისთვის ვამბობ, როდესაც ბავშვი იხრჩობა, იქ თუ ფილოსოფოსობ – რატომ არ უნდა უშველო,  რომ უშველო, მერე ის როგორი გაიზრდება,  იქნებ არ გაიზარდოს კარგი, ამიტომ იქნებ, არ გადავარჩინო –  უკვე ის არის, რასაც არ მინდა, თავისი სახელი ვუწოდო. როდესაც გადაწყვეტილება არის მისაღები, რომელსაც  შენი ზნეობა, შინაგანი აღზრდა, ოჯახიშვილობა, მომავალზე ფიქრი გკარნახობს, უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ჩემი განცხადება გულისხმობდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისკენ განმეწყო ის ადამიანები, რომლებისთვისაც შესაძლოა, ჩემს პოზიციას, ფიქრს ან განცდას ოდნავი მნიშვნელობა ჰქონდეს. ხელისუფლების გასაგონად კი მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ასი ათასობით ადამიანი, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, წლობით იდგა ქუჩაში და რეჟიმს აპროტესტებდა, იმსახურებს, რომ მათი მოსაზრება თქვენამდე აღწევდეს, ეს მკაფიოდ არ ჩანს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ის ხალხია, რომელიც ვფიქრობ, საკუთარ შეგნებას უფრო მაღლა დააყენებს, ვიდრე თქვენს მიმართ საფუძვლიან უკმაყოფილებას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner