„მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს. სალომე ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვს, ეს ამოცანები შეასრულოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ახალი კონსტიტუციის თანახმად, საქართველო ამ არჩევნებში ირჩევს პრეზიდენტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი აზრის გაერთიანება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, უნდა შეძლოს სტრატეგიულ თემებზე შეთანხმება ყველა მხარეს და პოლიტიკურ პარტიას შორის და უნდა შეძლოს ქვეყანა ღირსეულად წარმოადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე.
ამ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი მაღალრეიტინგულ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, არის ერთადერთი, ვინც არ გამოხატავს აგრესიას, შეურაცხყოფას და სიძულვილს. ის საუბრობს მომავალზე, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედა ენის დაბრუნებაზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე, გარემოსდაცვით საკითხებზე, ახალგაზრდების დასაქმებაზე, ჩვენი კულტურის და ტრადიციების დაცვაზე, ქალთა უფლებებზე, განათლების სისტემის მნიშვნელობაზე, მედიცინის განვითარებაზე და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.
სალომე ზურაბიშვილი ძლიერ აქცენტებს აკეთებს რეგიონების გაძლიერებაზე, მან არაერთხელ განაცხადა, რომ იქნება შუამავალი ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონებს შორის, ექნება კავშირი სოფელთან და გულთან მიიტანს ჩვენი სოფლების საჭიროებებს.
სალომე ზურაბიშვილი რეალურ, მაღალრეიტინგულ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ერთადერთია, რომელსაც საზოგადოების და ქვეყნის წინაშე დანაშაული არ აქვს ჩადენილი - მისი სახელი არ უკავშირდება არც სისტემურ უსამართლობას, არც ადამიანების ჩაგვრას, არც წარსულში მომხდარ სხვა დანაშაულებს. პირიქით, ის ერთ-ერთი პირველი იყო ვინც უსამართლობას დაუპირისპირდა.
სალომე ზურაბიშვილი არის ქართველი დიპლომატი, რომელიც ევროპაში ისევე მიღებულია, როგორც საკუთარ ოჯახში. ამიტომ, ის უკეთ შეძლებს ევროპასთან და დასავლეთთან საუბარს საქართველოს შესახებ. მას, როგორც დიპლომატს, საფრანგეთი - ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი და დემოკრატიული ქვეყანა ანდობდა სახელმწიფო საკითხებს და წარგზავნილი ჰყავდა აშშ-ში, ასევე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ეს მიუთითებს, რომ ის მაღალი დონის და სანდო პროფესიონალია.
სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს უახლეს ისტორიას და მომავალს - ის იმ ემიგრაციის და დიდი მამულიშვილების შთამომავალი და წარმომადგენელია, რომლებსაც საქართველოს დატოვება დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის იდეის გამო მოუხდათ. არჩევნებში მისი გამარჯვებით, ეს კავშირი ჩვენს წარსულსა და მომავალს შორის აღდგება; შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობისთვის დევნილობაში წასული ემიგრაცია ბრუნდება სამშობლოში.
მას აქვს უპირატესობა როგორც ქალ კანდიდატსაც. ვინაიდან დღეს ჩვენი საზოგადოება უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ქალის უფლებებს, ბრძოლას დისკრიმინაციასთან და ქალთა მიმართ ძალადობასთან, - ქალი პრეზიდენტი იქნება ამ პოზიტიური ცვლილებების ლიდერი. ქალს აქვს განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს კულტურაში და ახლა არის შანსი, რომ ქალმა ეს ადგილი პოლიტიკაშიც დაიბრუნოს.
სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, განსაკუთრებული როლი შეასრულოს აფხაზეთის დაბრუნებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.
თავის დროზე მას აქვს დიდი დამსახურება, საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში და დღეს, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, ის ყველაზე მეტად განასახიერებს მშვიდობიან მომავალს, დიპლომატიის ძალას კონფლიქტების მოგვარებაში. მან არაერთხელ დააფიქსირა ძლიერი პოზიცია აფხაზეთის და აფხაზური ენის დაცვის შესახებ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.