თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე, ასევე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად კლდიაშვილის და დოლიძის ქუჩების კვეთაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
აღნიშნულ კვეთაზე მოძრაობის წესების დარეგულირების თხოვნით მოსახლეობამ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს მიმართა.
შეხვედრისას რიმა ბერაძეს და რაიონის ხელმძღვანელობას მაცხოვრებლებმა არსებული ვითარება დეტალურად გააცნეს და საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფით გამოწვეულ საფრთხეებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული საკითხის მოგვარება შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებთან თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი.
„სწორედ ამ მიზნით ჩემს გვერდით იმყოფება ჩემი კოლეგა, საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე, რომელიც ამ დარგის ექსპერტია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ პროფესიონალებთან თანამშრომლობისთვის", - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საკითხის არსში დეტალურად გარკვევისა და შესწავლის მიზნით, საკრებულოში შეხვედრა გაიმართება, სადაც სპეციალისტები პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.