ავტორი ანა ნოდია
„შინდისი" - ამ სახელწოდების მხატვრული ფილმის გადაღება 2016 წლის ზაფხულში დაიწყება. ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერი „თავისუფალი სტუდიის" დამფუძნებელი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია.
ფილმი მოგვითხრობს 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისში დაღუპული 17 ჯარისკაცის ტრაგიკულ ისტორიას. ამ ისტორიაზე ედმონდ მინაშვილს უკვე გადაღებული აქვს ორი დოკუმენტური ფილმი. მხატვრული ფილმის გადაღებები კი ბევრად მასშტაბურ ხასიათს შეიძენს. ფილმში ჩართულები არიან ქართველი და უცხოელი პროდიუსერები და კონსულტანტები.
„რეპორტიორისთვის" უკვე ცნობილია ფილმის რეჟისორი და რამდენიმე მსახიობის ვინაობა. რეჟისორი ჰოლივუდში მოღვაწე ნიკოლოზ აგიაშვილია. რაც შეეხება მსახიობებს, ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავი მერაბ ნინიძე, ამერიკაში მოღვაწე მსახიობი დავით ბახტაძე, ია სუხიტაშვილი, მიშა გომიაშვილი, საფრანგეთში მოღვაწე გიორგი ბაბლუანი.
კომპოზიტორია გია ყანჩელი, სცენარის ვტორი ირაკლი სოლომანაშვილი, დამდგმელი ოპერატორი მინდია-კონსტანტინე ესაძე. პროდიუსერები ვლადიმერ კაჭარავა, მინდია-კონსტანტინე ესაძე.
ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ ფილმისთვის მსახიობები კონკურსის შედეგად შეირჩევიან. ედმონდ მინაშვილი ახალ სახეებს ეძებს და აცხადებს, რომ კონკურსები მთელი საქართველოს მასშტაბით, გაზაფხულიდან დაიწყება:
„ვეძებთ ახალ, საინტერესო სახეებს. ეს ისტორია ქართველებისთვის კარგად ცნობილია. ახლა გვინდა ამბავი, რომელიც 2008 წელს სოფელ სინდისში მოხდა მსოფლიოს გავაგებინოთ. ფილმში გარდა ამ 17 დაღუპული ჯარისკაცის თავგანწირვისა, მოთხრობილი იქნება გლეხი კაცის ისტორია, რომელმაც საკუთარი და ოჯახის სიცოხლე საფრთხის ქვეშ დააყენა, რათა ქართველი ჯარისკაცები გადაერჩინა, გლეხი კაცის ისტორია, რომელმაც რამდენიმე ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა!", - ამბობს ედმონდ მინაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას.
ფილმის კო-პროდიუსერები დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მაიკლ დაუნი და სემ ტეილორი არიან.
ფილმის მთავარი გმირი 45 წლის ქართველი გლეხი ბადრი ხუციშვილი, მეტსახელად ახმეტაა, ის მძიმე სენით დაავადებულ ცოლთან - ხატიასთან ერთად საომარი მოქმედებების მახლობლად ერთ-ერთ ქართულ სოფელ შინდისში ცხოვრობს. აგვისტოს ომში სოფელ შინდისში დატრიალებული მოვლენები, რიგითი ქართველი გლეხის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. სწორედ სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურში მძიმე ტექნიკით შეიარაღებული რუსული სამხედრო ნაწილი ქართველებისთვის მიცემულ მშვიდობიანი დერეფნის პირობას არღვევს და ჩასაფრებაში შეტყუებულ ქართველ მეომრებს გამანადგურებელ ცეცხლს უხსნის. ქართველი ჯარისკაცების ერთი ნაწილი ცეცხლს საკუთარ თავზე იღებს და ოცდახუთამდე ქართველი მეომარი თანამებრძოლის სამშვიდობოზე გასვლას უზრუნველყოფს. უთანასწორო შეტაკებაში რუსული ჯარის მაღალჩინოსანი ივანოვი საწადელ მიზანს ვერ მიაღწევს, ქართველთა მსხვერპლი გაცილებით მცირეა ვიდრე ის ვარაუდობდა. ივანოვის შურისძიება ისტერიკაში გადაიზრდება, ის ბრძოლის ველზე დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს დაეძებს და ქართველთა გვამების დამარხვაზეც კი უარს ამბობს. ივანოვის სისასტიკის მიუხედავად დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები რუსული არმიის ცხვირწინ ბრძოლის ველიდან გაუჩინარდებიან. გლეხი ახმეტა, რამდენიმე თანასოფლელთან ერთად გასაოცარ მოქალაქეობრივ გმირობას იჩენს და ხუთი დღე-ღამის განმავლობაში რუსული ჯარის მიერ ოკუპირებულ სოფელში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების არამხოლოდ გადამალვას, არამედ მათთვის პირველადი დახმარების აღმოჩენასაც კი ახერხებს. „ძლევამოსილი რუსული არმიის" მაღალჩინოსანისა და უბრალო ქართველი გლეხის დაპირისპირება ახმეტას სასარგებლოდ მთავრდება, უიარაღო გლეხი ტანკებით შეიარაღებულ „სალდატს" ქართველი ჯარისკაცების განადგურების საშუალებას არ აძლევს.
იხილეთ დოკუმენტური ფილმი - „შინდისის გმირები"
იხილეთ:
ფილმ „შინდისის“ იდეის ავტორი და პროდიუსერი სამთავრობო უწყებებსა და ბიზნეს სექტორს პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდებს
http://reportiori.ge/inside.php?menuid=6&id=836