ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
+
31 ოქტომბერი. 2018. 11:31
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ი.მ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,01522 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. ასევე მან სხვა პირთან ერთად უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2,115058 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ქ.ბათუმში ამოიღეს.
ი.მ. 2018 წლის 20 თებერვალს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.