ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არასწორია, როდესაც ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ. მისი თქმით, მოდაშია თემა, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერონ.
„რთულია შეფასება. დამერწმუნეთ, ნებისმიერი ადამიანისთვის ასეთი მაღალი სასჯელი საკმაოდ დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში ემოციები უფრო მეტია, ვიდრე განსჯა საქმესთან დაკავშირებით. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. არსებობს სასამართლო სისტემა, გასაჩივრება შესაძლებელია და ამ საკითხების უფრო სიღრმისეული განხილვაც. არის თემები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, მათ შორის არის ე.წ. კაბელების საკითხიც. ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანები, მითუმეტეს ოჯახის მამები, ციხეში შეიძლება აღმოჩნდნენ, მაგრამ არის საკითხები, რომელიც სასამართლოს ეხება. აქედან გამომდინარე, მე დიდი რესურსი არ მაქვს, ამას შეფასება მივცე, როგორც ამას გააკეთებს ადვოკატი, პროკურორი. არსებობს გასაჩივრების საშუალება და უნდა გამოიყენონ, თუკი არის საფუძველი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.