„საქართველო „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში წლების განმავლობაში მუდმივად წინ მიდის და წლევანდელი შედეგი არის იმის მტკიცებულება, რომ პროგრესული რეფორმების პროგრამა ძალიან წარმატებულია“, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ის, რომ „ბიზნესის კეთების“ სიმარტივის კუთხით საქართველომ მე-9-დან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, ადასტურებს, ეომ ეს არის ქვეყანა, რომელიც უსაფრთხო და სანდოა ბიზნესის კეთებისთვის.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო მომდევნო წლებში კიდევ უფრო დაწინაურდება.
„ეს შედეგი იმას ნიშნავს, რომ საქართველო არის ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ეკონომიკა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მან შეინარჩუნა ძლიერი პოზიცია პირველ ათეულში. ბიზნესის კეთების ანგარიში აქცენტს აკეთებს იმ გამოწვევებზე, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებში მსოფლიოს 190 ქვეყანაში არსებობს. ეს გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ ყველაზე ეფექტური ქვეყნები. ამ მიზნის მისაღწევად ანგარიშზე მომუშავე გუნდი ახდენს ქვეყნების ანალიზს ბიზნესის კეთების კუთხით, როგორ იწყება და რეგისტრირდება ბიზნესი, რამდენად მარტივია ქონების რეგისტრაცია, სესხის აღება, რამდენად დაცულია მინორიტარული აქციონერების უფლებები, რამდენად მარტივია გადასახადების გადახდა, ექსპორტ-იმპორტი, საერთაშორისო ვაჭრობა და გაკოტრების პროცედურები. საქართველო ამ რეიტინგში წლების განმავლობაში მუდმივად წინ მიდის და წლევანდელი შედეგი არის იმის მტკიცებულება, რომ პროგრესული რეფორმები და პროგრამა ძალიან წარმატებულია. უფრო კონკრეტულად ვიტყვი, რომ საქართველოში წელს განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები კიდევ უფრო დააწინაურებს საქართველოს პოზიციას. საქართველოში უფრო მარტივი იქნება ბიზნესის დაწყება, რეგისტრაციის შემდგომი პროცედურები, საგადასახადო რეგისტრაციის, ლიცენზირების პროცედურები. ასევე გამარტივდა გადასახადების გადახდა, რამდენადაც საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდა, შემცირდა დეკლარაციების რაოდენობა დაა დეკლარირების ვადები. ამასთან ერთად, ელექტრონული გადახდები, სასამართლო სისტემაში საქმეების ავტომატური განაწილება, ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, საქართველოს უფრო მაღალი რეიტინგი მივანიჭოთ; ვიფიქროთ, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება უფრო მარტივია, ვიდრე წინა წლებში იყო. მეწარმეს არ სჭირდება სხვადასხვა ორგანოში სიარული სამეწარმეო-ეკონომიკური სუბიექტის საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად, სისტემა ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობს და ბიზნესსუბიექტებს მარტივი პროცედურებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ამ წარმატებული რეფორმების შედეგები და მოვუწოდო, ასე განაგრძოს მუშაობა და კიდევ უფრო მაღალი რეიტინგები მიიღოს მომდევნო წლებში“, - განაცხადა მერსი ტემბონმა.