logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ინვესტიციებში კონვერტირდება
- +

31 ოქტომბერი. 2018. 20:30

 

 

„Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ინვესტიციებში კონვერტირდება“, - ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური ანგარიში „ბიზნესის წარმოების შესახებ“ (Doing Business) სადაც საქართველო  3 ადგილით დაწინაურდა და მე-9 ადგილიდან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომელიც საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, რაც თავისთავად, კონვერტირება შემდგომ ინვესტიციებში. იმ ინვესტიციებში, რაც აქამდე შემოსულა ჩვენს ქვეყანაში, ლომის წილი სწორედ ამგვარ საერთაშორისო რეიტინგებს და მათ შორის მსოფლიო ბანკის ამ ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე რეიტინგს მიუძღვის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, მოვხვდეთ Doing Business-ის ტოპ ხუთეულში“,  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

მან, ასევე, ისაუბრა იმ ინდიკატორების შესახებ, რომელშიც საქართველომ ქულები გაიუმჯობესა.

 

„10 კრიტერიუმია, რითაც ფასდება ქვეყნის კონკურენტუნარიანობა და ბიზნესის კეთების სიმარტივე. აქედან სამ პოზიციაში დავწინაურდით, რამაც გამოიწვია რეიტინგში ზრდა. ეს არის ბიზნესის რეგისტრაცია -  ადრე თუ ამისთვის 2 პროცედურა იყო საჭირო, დღეს ერთი პროცედურით არის  შესაძლებელი როგორც კომპანიის, ისე გადამხდელად დარეგისტრირება. ამ კუთხით, ჩვენ მეორე ვართ მსოფლიოში. შემდეგი კრიტერიუმი იყო გადასახადების ტვირთის შემსუბუქება. ეს ტვირთი 40%-ით შემსუბუქდა. ამავდროულად, იყო პროცედურების გამარტივება და იმ დროის შემცირება, რაც დეკლარირებისთვის და საგადასახადო  პროცედურებისთვის არის საჭირო. ეს, ძირითადად, გამოიწვია მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ორივე კომპონენტში - გადასახადის ტვირთის და გადასახადების ადმინისტრირების დროის შემცირების კომპონენტში აისახა. შემდეგი იყო საერთაშორისო ვაჭრობა. აქაც ერთი მხრივ, შემცირდა ექსპორტის პროცედურების დრო, მაგრამ რაც უფრო მთავარია, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ექსპორტისთვის საჭირო დანახარჯები, დაახლოებით, 400 აშშ დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე. თითქმის 300 აშშ დოლარით არის შემცირებული გასაწევი ხარჯი ექსპორტიორებისთვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

მან მსოფლიო ბანკს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner