9 მარტი 60 წლისაა!
1956 წლის 9 მარტს ფსიქიკურად შეურაცხადი საბჭოთა ლიდერის ნიკიტა სერგეის ძე ხრუშჩოვის ბრძანებით თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაცია დახვრიტეს!!! ქართველი ხალხი, რომელმაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე ავადსახსენებელი ხრუშჩოვის მიერ დიდი სტალინის „კულტად", „ლოთად", „მშიშრად" და „უცოდინრად" შერაცხვა ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღო, ზუსტად 60 წლის წინათ ქუჩაში გამოვიდა...
1956 წლის 9 მარტს, პარასკევს, საქართველოს ძველთაძველ დედაქალაქში, რომელსაც უამრავი მიზანთროპისა და მანიაკის შემოსევა ახსოვს, კიდევ ერთხელ დაიღვარა უმანკოთა სისხლი და ასე გაცამტვერდა ოცნება დიად კომუნიზმზე.
1956 წლის 9 მარტი იყო დიდი ტეხილი საბჭოთა საქართველოს ცხოვრებაში. მომხვეჭელობა, მაამებლობა,მექრთამეობა და კონფორმიზმი სწორედ 9 მარტის სისხლიანი პარასკევის შემდეგ შეეპარა და მოეძალა პროლეტარიატის დიდი ბელადის - სტალინის გარეშე დარჩენილ საქართველოს. საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის" თავმჯდომარე გრიშა ონიანი 1956 წლის გაზაფხულზე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი იყო და 20 წლის ბიჭი „მშრალ ხიდთან" დაწყებული უზარმაზარი საპროტესტო მოძრაობის სათავეებთან აღმოჩნდა...
- ბატონო გრიშა, როგორც ვიცი, სულ მალე გამოვა თქვენი წიგნი სტალინის შესახებ... მითხრეს, წიგნი ძალიან ვრცელიაო!..
- მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სტალინის ფენომენის შესწავლას დავუკავშირე. მეგობრების თხოვნითა და დახმარებით, გადავწყვიტე, მთელი ეს მასალა ერთად შემეკრა. პირველი ტომი, რომელიც 600 გვერდს მოიცავს, 1 მარტს გამოვა და ვფიქრობ, საინტერესო იქნება. წიგნი სავსეა სტალინის დღემდე უცნობი და ორიგინალური ფოტოებით, რომელთა ნაწილსაც დიდი სიამოვნებით გამოვაქვეყნებ „ასავალ-დასავალის" მომდევნო ნომრებში.
- სულ რამდენი ტომის გამოშვებას გეგმავთ?
- იმდენი მასალა მაქვს, ეს საქმე ჯერ კიდევ 1956 წელს რომ დამეწყო, დღესაც არ მექნებოდა დამთავრებული. ვფიქრობ, დარჩენილ დროში 5 ტომს მაინც გამოვცემ!
- 1956 წელი ახსენეთ და სწორედ ეგ მინდოდა მეკითხა... როგორც გულმხურვალე სტალინისტი, როგორ შეხვდით სტალინის გარდაცვალების ამბავს და სად იყავით 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიის დროს?
- ლენტეხის რაიონის სოფელ სასაში, სადაც დავიბადე და დაწყებით სკოლაში ვსწავლობდი, მახსოვს, როგორი მონდომებითა და სიხარულით ვეგებებოდით დიდი სტალინის დაბადების 70 წლისთავს. ეს იყო 1949 წელი, მაშინ მერვე კლასში ვიყავი. სტალინის იუბილის მოსამზადებელ პერიოდში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ცავრინა ონიანს, რომელიც ამავე დროს სკოლის დირექტორიც იყო, გულუბრყვილოდ შევეკითხე - რა ეშველება ქვეყანას, როდესაც სტალინი მოკვდება-მეთქი? სკოლიდან გარიცხვას ან სასტიკად დასჯას მხოლოდ იმან გადამარჩინა, რომ ქართულ ლიტერატურაში საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი და ჩემს დირექტორსა და მასწავლებელს განსაკუთრებით ვუყვარდი. დღესაც მიკვირს, როგორ მაპატია მასწავლებელმა ასეთი მკრეხელობა, რადგან სტალინის სახელი სიკვდილთან ვახსენე.
სკოლაში პირველ დეკლამატორად ვითვლებოდი და ამიტომაც ყველა სადღესასწაულო მიტინგსა თუ შეკრებაზე სტალინზე დაწერილი ლექსებით გამოვდიოდი. არასრული საშუალო სკოლა დავასრულე და სწავლა მეზობელ სოფელში, ჯახუნდრის საშუალო სკოლაში გავაგრძელე. 1953 წლის მარტი იდგა... უკვე მეთერთმეტე კლასში ვსწავლობდი, როდესაც მე და ბაბუაჩემი ხარებით ახლომდებარე ტყეში წავედით, საიდანაც ადრე დამზადებული მორები უნდა წამოგვეღო. როდესაც უკან დავბრუნდით, დავინახე რომ ჩვენი სახლის კიბეზე ბიძაჩემი დავით ონიანი ჩამოდიოდა. ბაბუაჩემის დანახვაზე მან თავიდან ყაბალახი გადაიძრო და მოთქმით შემოსძახა: „ზურაბ, დაიუპა ქვეყანა, სტალინი მომკვდარა!". ბაბუაჩემი მონუსხულივით გაჩერდა, ყაბალახი მოიძრო და ძირს დაანარცხა. უცნაური ხმა ამოუშვა - „ვაღლა მააქვა მიშქვა ლირდეს!" („ვაი, ჩემო გაუბედურებულო ცხოვრებავ!" ასე იციან, როდესაც ოჯახის წევრი იღუპება).
ბაბუამ ხარების რქებზე მობმულ თოკს ხელი გაუშვა, ხელები ერთმანეთზე გადააჭდო და შუბლზე დაიწყო შემორტყმა, თან იმავე სიტყვებს იმეორებდა... ბაბუაჩემისა და ბიძაჩემის ტირილ-ყვირილზე მთელი კუთხე-მეზობლობა შეიკრიბა. ქალები თმაგაშლილი მოთქვამდნენ და გაჰკიოდნენ სტალინის სახელს, ბავშვები კი გულამოსკვნილები ვტიროდით. ზოგიერთი ბავშვი ფეხშიშველი იყო გამოსული თოვლში. სოფელში შეწყდა ყოველგვარი საქმიანობა და ხმამაღალი საუბარი. ქალებმა შავი თავსაფრები შემოიხვიეს, კაცებმა და მოზარდებმა შავი სამკლაურები გავიკეთეთ მარცხენა ხელზე.
1953 წლის 9 მარტი, ორშაბათი დღე, არაქრისტიანული წესით სტალინის დაკრძალვის დღედ გამოაცხადეს. ჯახუნდრის საშუალო სკოლის კლუბში, სადაც თავი მოიყარა მთელმა სოფელმა, რა თქმა უნდა, ტევა არ იყო; ამიტომ ხალხი სკოლის ეზოშიც მოგროვდა. დაიწყო სამგლოვიარო მიტინგი, სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მასწავლებლები თუ სოფლის სხვა წარმომადგენლები. სკოლის დირექტორმა ერაჯ ხაბულიანმა გამოაცხადა, რომ სიტყვა მეძლეოდა მე - გრიშა ონიანს.
რადგან სცენაზე ხშირად მიწევდა გამოსვლა, ამ შემთხვევაშიც არ დავბნეულვარ და სტალინზე სათქმელი სიტყვების ძებნა არ დამიწყია. მიუხედავად ამისა, როდესაც გამოსვლამ კულმინაციას მიაღწია, ცრემლები ვეღარ შევიკავე. ყელში გაჩხერილ ცრემლებთან ერთად მოვუწოდებდი ახალგაზრდებს, სტალინის დროშით გვევლო წინ მეცნიერების მწვერვალებისაკენ.
აღელვებამ თავისი გაიტანა, - ჩემო ომახიანი სიტყვა ქვითინში და ღრიალში გადაიზარდა. სკოლის დირექტორი სცენაზე ამოიჭრა, ხელში ამიყვანა და ხალხით გაჭედილ დარბაზს გადააწოდა ჩემი თავი. მახსოვს, როგორ ხელიდან ხელში გადავდიოდი და როგორ მკოცნიდნენ მასწავლებლები და სოფლის მცხოვრებნი. პირველად ვიგრძენი, რომ ხალხისთვის რაღაც სასიამოვნო ვთქვი და გავაკეთე. სწორედ იმ სცენასა და იმ ხელების ტალღას მივაწერ სტალინისადმი ჩემს დიდ სიყვარულს, რომელიც დღემდე მომყვა და რომელსაც ჩავიტან კიდეც სამარეში.
გაზაფხულდა... დაიწყო გამოსაშვები გამოცდები. პირველი, როგორც წესი, წერითი გამოცდა იყო ქართულ ლიტერატურაში. დღესაც მახსოვს, როგორ გახსნეს დალუქული კონვერტი მოსწავლეების წინაშე და დაფაზე თემები ჩამოწერეს: 1. სოციალისტური სოფელი ლეო ქიაჩელის შემოქმედებაში; 2. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება; 3. სტალინის სახე ქართულ პოეზიაში (თავისუფალი თემა). მე, რა თქმა უნდა, თავისუფალი თემა დავწერე და უმაღლესი შეფასებაც დავიმსახურე. სკოლა წარჩინებით დავამთავრე...
1954 წელს სწავლა გავაგრძელე შრომის წითელი დროშის ორდენოსან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1955 წლის 9 მარტი „მშრალ ხიდთან" მდებარე სტალინის ძეგლის წინ გავატარე, უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. გაიმართა სამგლოვიარო მიტინგი, რომელიც 6 საათისთვის დამთავრდა. მიტინგმა ყოველგვარი ექსცესებისა და ხმაურის გარეშე ჩაიარა.
- ბატონო გრიშა, 1956 წლის 9 მარტის ტრაგედია სპონტანურად მოხდა? ანუ უტვინო და ბოღმიანმა ხრუშჩოვმა სტალინის სახელი ერთბაშად, მომენტალურად შეურაცხყო თუ ეტყობოდა „საქმეს", რომ ბელადს ასეთ განაჩენს გამოუტანდნენ?
- არა, „საქმეს" ეტყობოდა... მაგალითად, 1955 წლის განმავლობაში გაზეთებში თანდათანობით იკლო სტალინის სიტყვებმა და სურათებმა; თეატრებში აღარ იდგმებოდა სპექტაკლები, რომლებიც რაღაცით იყო დაკავშირებული ბელადის სახელთან; აღარ აჩვენებდნენ კინოფილმებს სტალინზე... 1956 წლისთვის უკვე სახელმწიფო ჰიმნსაც მოაშორეს ტექსტი და დილის 6 და ღამის 12 საათზე სახელმწიფო ჰიმნის მხოლოდ მუსიკა ჟღერდა.
ხალხში აქა-იქ გაისმოდა უკმაყოფილების ხმები სტალინის გზიდან გადახვევის გამო, მაგრამ ამას ხმამაღლა არავინ ამბობდა. მთელი ყურადღება გადატანილი იყო მოახლოებულ მე-20 ყრილობაზე, რომელიც 1956 წლის 14 თებერვალს უნდა გახსნილიყო. მთელი საქართველო რადიოგადაცემებს იყო მიყურადებული, თუ რას იტყოდნენ სტალინის შესახებ.
ყრილობის პირველი დღე არასასიამოვნო გამოდგა, რადგან ყრილობამ პატივი მიაგო გარდაცვლილ პარტიულ მოღვაწეებს - ტოკუდას და სხვა უცნობ თუ ნაცნობ გვარებს. მათ შორის მოიხსენიეს სტალინიც, რაც გამარჯვების უბადლო მთავარსარდლის აშკარად დაუფასებლობა და უპატივცემულობა იყო. ისე გაიარა ყრილობის ათმა დღემ (იგი 25 თებერვალს დამთავრდა), რომ სტალინის სახელი არავის უხსენებია.
შინ დაბრუნებულმა დელეგატებმა ამბავი ჩამოიტანეს ყრილობის შემდეგ გამართული საიდუმლო სერობის შესახებ, სადაც იმჟამინდელმა ქვეყნის უხსენებელმა უთავო მეთაურმა - ხრუშჩოვმა წაიკითხა უპრეცედენტო სიყალბის მოხსენება, რომელშიც სტალინს უამრავ ცილისწამებასთან ერთად ისიც დააბრალა, რომ „ლოთი", „მშიშარა" და „უცოდინარი" იყო; რომ რუკებში ვერ ერკვეოდა და საბრძოლო ოპერაციებს „გლობუსით ხელმძღვანელობდა".
ამ სერობის მონაწილე საზღვარგარეთის კომპარტიების დელეგაციებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს და ზოგიერთმა მათგანმა საბჭოთა კავშირთან კავშირიც გაწყვიტა. არათუ კომუნისტური სამყარო, თვით კაპიტალისტური მსოფლიოც გაურკვევლობაში იყო და არავინ იცოდა, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის მთავრობაში. ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა მთელი საქართველო, განსაკუთრებით - თბილისი და სტუდენტი ახალგაზრდობა.
- თბილისში ვითარება რომელი რიცხვიდან დაიძაბა?
- ახლოვდებოდა 1956 წლის 5 მარტი - სტალინის გარდაცვალებიდან 3 წლისთავი. 4 მარტს, ლექციების შემდეგ, ხუთიდან 6 საათამდე, ვაკის სტუდქალაქში ორმოცდაათამდე სტუდენტი შევიკრიბეთ და მოვილაპარაკეთ, წავსულიყავით „მშრალ ხიდზე" და სტალინის გარდაცვალების სამი წლისთავის აღსანიშნავად მის ძეგლთან ღამე გაგვეთია. რადგან ხმაურითა და მოწოდებებით მოვდიოდით, გზადაგზა ახალგაზრდობა გვიერთდებოდა. უკვე შებინდდა და აცივდა, მაგრამ ჭადრის გამხმარი ტოტები მოვაგროვეთ და კოცონი გავაჩაღეთ. არავითარი გამოსვლები და მოწოდებები არ ყოფილა, მხოლოდ ერთმანეთში გამოვთქვამდით იმ საყვედურებს, რომლებიც ქალაქად თუ სოფლად გაისმოდა.
სიცივე თანდათან მატულობდა, მაგრამ იქაურობის მიტოვებას არავინ ფიქრობდა. ახლომახლო ამდენი შეშა აღარ იყო, რის გამოც ჩვენს კოცონს ფიჩხთან ერთად ბაღის რამდენიმე სავარძელიც შეეწირა. მარტის გრძელი ღამე მიიწურა. დილით ლექციებზე წასვლა არავის უფიქრია... როდესაც უნივერსიტეტმა და სხვა ინსტიტუტებმა გაიგეს, რომ მათმა ამხანაგებმა ღამე სტალინის ძეგლთან გაათენეს, ყველა მათგანში თავმოყვარეობის გრძნობამ გაიღვიძა და მთელი სტუდენტობა „მშრალი ხიდისაკენ" დაიძრა.
ძეგლის წინ მოედანი თანდათან ივსებოდა ხალხით. საჭირო გახდა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. დავიწყეთ სიტყვით გამოსვლა. არავითარი შეურაცხმყოფელი გამოხდომები და შეძახილები არ ყოფილა... გამომსვლელები ბაღის გადარჩენილ სკამებზე დგებოდნენ და ხალხს ისე მიმართავდნენ. 5 მარტის საღამოს ძეგლის წინა მოედანზე უკვე ხალხის ტევა აღარ იყო...
- ამდენ ხალხს როგორ ელაპარაკებოდით? რუპორი ან მიკროფონი გქონდათ?
- 6 მარტს, დილით, შევქმენით საორგანიზაციო კომიტეტი 10 კაცის შემადგენლობით და გადავწყვიტეთ, მიგვემარა კავშიგაბმულობის მინისტრისათვის, რათა მოეცათ მოძრავი რადიოსადგური თავისი გამაძლიერებლებით. ჯგუფს, რომელიც კავშირგაბმულობის სამინისტროში წავიდა, გავატანეთ პეტიცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს თხოვნას არ დააკმაყოფილებდნენ, მთელი მომიტინგე ხალხი რუსთაველზე ავიდოდა სამინისტროს წინ. სამინისტრომ თხოვნა გაითვალისწინა და უშველებელ სატვირთო ავტომანქანაზე დამონტაჟებული მოწყობილობა მოედნის ერთ დაცულ კუთხეში განათავსა. მეკავშირეებმა კი სწრაფად დაიწყეს ჭადრებზე ხმამაღლა მოლაპარაკის დამონტაჟება.
- ტრიბუნა სად მოაწყვეთ?
- იქ, სადაც სტალინის პატივისცემის გამო ადრე დადგომას ვერ ვბედავდით, ახლა უკვე გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ხის კიბე, რომლითაც კვარცხლბეკის მეორე ტერასაზე ავიდოდით. ტრიბუნის ადგილმდებარეობა ისეთი მოხერხებული იყო, რომ გამომსვლელების ხმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე და კოლმეურნეობის მოედანზეც კი იმოდა. 6 მარტს, გვიან საღამოს, დავრწმუნდით, რომ მიტინგის მიმდინარეობა შეუქცევადი იყო. მოედანზე გაჩნდა რამდენიმე პროჟექტორი. შეიქმნა ერთი უხერხულობა - ზოგიერთი გამომსვლელი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა პირადად ხრუშჩოვს. სხვა ანტისახელმწიფოებრივი შეძახილები მიტინგზე არ ყოფილა. იყო სკანდირება „ლენინ, სტალინ!" უხეში სიტყვების აღსაკვეთად დავაწესეთ ცენზურა, რაც პირადად მე დამევალა...
- მაინც რას აკეთებდით?
- გამომსვლელი ისე ვერ მივიდოდა მიკროფონთან, თუ წინასწარ არ მექნებოდა წაკითხული, რას იტიყოდა. ნებადართული იყო ყველაფერი, გარდა უწმაწური სიტყვებისა და გინებისა.
რა თქმა უნდა, სრული წესრიგი ამ საკითხში ვერ დავამყარეთ, მაგრამ მიტინგზე ხრუშჩოვის დედის გინება ნაწილობრივ მაინც აღვკვეთეთ. 7 მარტს მიტინგზე გამოჩნდნენ ცეკას, მინისტრთა საბჭოს, საქალაქო კომიტეტისა და აღმასკომის წარმომადგენლები. ჩვენს საქმიანობაში აქტიურად ჩაება მილიცია, რომელიც ყოველგვარი ხელის შეშლის გარეშე გვეხმარებოდა წესრიგის დაცვაში.
როდესაც მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათას კაცს გადააჭარბა, რიგ ადგილებში მოხდა ჭყლეტა - მიწაზე ცვიოდა საათები, ჩანთები, შარფები და რიგ შემთხვევაში, საფულეებიც კი. დაკარგული ნივთის მპოვნელი ვალდებული იყო, ერთ დანიშნულ ადგილზე მიეტანა და დაეწყო ყველაფერი. არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს სხვისი ნივთი მიესაკუთრებინოს. მოჰქონდათ ასობით და ათასობით ყვავილი და გვირგვინი. კვარცხლბეკის გარშემო გვირგვინების მთები დადგა. გადავწყვიტეთ, მაღლიდან ჩამოგვეშვა თოკები და მათზე ჩამოგვკიდა ძვირფასად შეკრული გვირგვინები, რომლებსაც სხვადასხვა წარმოება-დაწესებულებისა და სასწავლებლის დასახელება ამშვენებდა.
- ბატონო გრიშა, მე ვიცი, რომ ქართველმა „კანონიერმა ქურდებმაც" მიიტანეს სტალინის ძეგლთან გვირგვინი...
- დიახ, ერთ-ერთი ულამაზესი და უძვირფასესი გვირგვინი, რომლის მსგავსიც იქ არ მოგვეპოვებოდა, კვარცხლბეკის თავში ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე დავკიდეთ. მას ოქროს ასოებით ეწერა - „ღირსეულ მამას უღირსი შვილებისაგან!" ყველა მიხვდა, რომ ეს თბილისელი „კანონიერი ქურდების" მიერ მორთმეული გვირგვინი იყო. სწორედ მათი გავლენაც იყო, რომ იმ დღეებში არც ქურდობა და არც სხვა დანაშაული მთელ ქალაქსა და საქართველოში არ მომხდარა.
8 მარტს ჩაიკეტა მტკვრის როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა სანაპირო... „მშრალ ხიდზე ნესიც კი ვერ ჩავარდებოდა. ტრიბუნაზე მისივე დაჟინებული მოთხოვნით ავიყვანეთ აკაკი ხორავა. ხორავას გვარის გამოცხადებასა და მის ახლოდან დანახვას ხალხის გამაყრუებელი ყიჟინა და შეძახილები მოჰყვა. ლეგენდარულმა მსახიობმა არნახული ძალით ჩასძახა მიკროფონში. დაიწყო თხრობა ბელადთან მისი შეხვედრების შესახებ და მომიტინგეებს წაუკითხა, როგორც თვითონ განმარტა, სტალინის უსაყვარლესი ლექსი - „ვეფხი და მოყმე". ლექსის კითხვის დამთავრების შემდეგ აკაკი ხორავამ შუბლზე ხელი მიიდო და წარმოთქვა - ამ შუბლზე ბელადმა მაკოცა!
ხორავას გამოსვლამ ხალხში სულ სხვა იმედი ჩასახა. ტრიბუნისაკენ დაიძრნენ მეცნიერები, პოეტები, მხატვრები... გორიდან ჩამოსულმა მსახიობებმა სპეციალურად გაკეთებულ სცენაზე, რომელიც ხალხს ხელით ეჭირა, წარმოადგინეს ლენინისა და სტალინის შეხვედრის სცენები, რამაც საზოგადოებაში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ მიტინგზე მოსულ ხალხს ვერ ვატევდით, მოხალისეთა ჯგუფები მანქანებით დადიოდნენ ქუჩებში და ხალხს მიტინგზე მოსვლისკენ მოუწოდებდნენ.
8 მარტის შუადღე იყო, როდესაც პირველად გაისმა მოწოდებები - „ძირს ხრუშჩოვი!" „გაუმარჯოს მოლოტოვს!" „ჩვენ არ ვემორჩილებით მე-20 ყრილობის გადაწყვეტილებებს და ვაპროტესტებთ ხრუშჩოვის არჩევას ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად!" მთელი მოედანი, ქუჩები და ხიდები ზანზარებდა შეძახილებითა და მოთხოვნებით. ყველა ვგრძნობდით, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ არავინ იცოდა - რა...
- როგორც ცნობილია, მაშინ თბილისში ჩინელი პარტიული ლიდერი ჯუ-დე იყო ჩამოსული...
- დიახ, ასე იყო. სხვათაშორის, მომიტინგეთა ერთი ნაწილი კრწანისის სამთავრობო აგარაკებისაკენ წავიდა, რათა მიტინგზე მოეწვიათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ჯუ-დე. სამთავრობო აგარაკთან მიმდგარი ათასობით კაცი სწორედ „ჯუ-დე, ჯუ-დე!"-ს ძახილით ერთი საათის განმავლობაში ამაოდ ელოდა მის გამოჩენას. ზოგიერთი ცნობით, ჯუ-დემ თითქოს მიიღო სტუდენტთა გარკვეული ნაწილი, მაგრამ ეს ჩემთვის დანამდვილებით ცნობილი არ არის.
კრწანისში მიტინგის წამყვანმა ხალხს მიმართა, რომ ჯუ-დე, შესაძლოა, სასტუმრო „ინტურისტში" ყოფილიყო დაბინავებული და იქ უნდა მივაკითხოთო! სასტუმრო „ინტურისტთან" მისულ მომიტინგეებს საორგანიზაციო კომიტეტის დავალებით მეც შევუერთდი და სასტუმროს დირექციას პრინციპულად მოვთხოვე, რომ, თუ ჩინეთი მართლაც პატივს სცემდა სტალინის სახელსა და მის სამშობლოს, ჩინეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე რომელიმე აივანზე გამოსულიყო და დანახვებოდა ხალხს! ჯუ-დე არც იქ გამორჩენილა..
რამდენიმე ათეული კაცი, საგულდაგულოდ ვათვალიერებდით არამარტო სასტუმრო „ინტურისტის" ოთახებს, არამედ საკუჭნაოებსაც კი, მაგრამ ჯუ-დე ვერსად ვნახეთ... ამიტომაც მეეჭვება , რომ ის კრწანისში ვინმეს ენახა...
- ბატონო გრიშა სად იყო ამ დროს ვასილ მჟავანაძე?
- სასტუმრო „ინტურისტის" მოპირდაპირე მხარეს, ჩიტაძის ქუჩაზე, მოგეხსენებათ, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი იყო განთავსებული. ხალხმა იფიქრა, დაცვის მიზნით ჯუ-დე, ალბათ, აქ მოიყვანესო და ამიტომაც მიმდებარე ქუჩები მომიტინგეებით გაივსო. ხალხი შენობის სახურავებზეც კი იყო ასული და ერთხმად გაჰყვიროდა - „ჯუ-დე, ჯუ-დე!"
ცოტა ხნის შემდეგ ცეკას შენობის მეორე სართულის აივანზე კრაველის „ბოხოხიანი" ორი კაცი გამოჩნდა. ვიცანით - ერთ-ერთი მათგანი ვასილ მჟავანაძე იყო, ხოლო მეორე - მიხეილ გიორგაძე. მათი გამოჩენის მიუხედავად, ხალხს „ჯუ-დე, ჯუ-დე"-ს ძახილი არ შეუწყვეტია. ჩვენ, რამდენიმე აქტივისტს, ცოცხალი კედელი გვქონდა გაკეთებული ცენტრალური კომიტეტის შესასვლელთან, რათა მომიტინგეებს არ შეენგრიათ. სახელდახელოდ დადგეს ხმის გამაძლიერებელი და გაისმა გამყინავი და შემზარავი ხმა ბრძანებისა... ჯერ ასეთი ხმა არასოდეს გამიგონია, ხალხი ერთბაშად გაისუსა. მიკროფონით ხელში ვასილ მჟავანაძე მიმართავდა ხალხს: „ჩემო შვილებო, ძმებო და დებო, მეგობრებო! ნუთუ ისე დავეცით ქართველები, რომ საშველად გადამთიელს ვეძახით, ნუთუ ჩვენ არ გვეხება, რომ თქვენი გულისწყრომა და გულისნადები გავიზიაროთ, ვის იცავთ თქვენ? იმას, ვინც მე გამზარდა და გენერალ-ლეიტენანტი გამხდარა? ნუთუ მე არ მიყვარს ჩემი უმაღლესი მთავარსარდალი და თქვენ რომელიმეს ჩემზე მეტად გიყვართ იგი? არ დაიჯეროთ და არც მე მჯერა! აქედან ვერ გეტყვით ვერაფერს ყველას გასაგონად და იქიდანაც ვერ მოვისმენ თქვენგან დაწვრილებით ყველაფერს. გამოყავით 10 კაცი თქვენი წარმომადგენელი, ამოდით ჩემთან, მითხარით, რა გინდათ და მე თქვენ ყველაფერს გაგიკეთებთ!"
ცოცხალი კედელი, რომელიც კართან გვქონდა აღმართული, უმალ მოვხსენით. 10 კაცის სია იქვე ჩამოვწერეთ და მცველს გადავეცით. სულ მცირე დრო გავიდა და ცეკას შენობის მესამე სართულზე, პირველი მდივნის კაბინეტში, გრძელი მაგიდის ერთ მხარეს 10 კაცი ვისხედით, ხოლო მეორე მხარეს - ვასილ მჟავანაძე და მიხეილ გიორგაძე.
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე