ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა დავით უსუფაშვილისნაირი პარლამენტის თავმჯდომარე.
ვოლსკიმ ასევე მოსაზრება გამოთქვა, თუ რატომ არ ესწრებოდა დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების" ყრილობას. მისი თქმით, აუცილებელი არ არის, რომ სხვა პარტიის წარმომადგენელი დაესწროს ყრილობას. მისივე ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი ბათუმში უნდა წასულიყო.
„დავით უსუფაშვილი პარლამენტის კარგი თავმჯდომარეა, ენერგიული, კარგად ალაგებს პარლამენტის მუშაობას. მეორე საკითხია, საზოგადოების დიდ ნაწილში ცნობილი არ არის, პარლამენტი როგორ მუშაობს, რას აკეთებს. ჩვენ ხომ ყველაფერს პიარს ვაბრალებთ, ალბათ იმის ბრალია, მაგრამ ვფიქრობ, ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა დავით უსუფაშვილისნაირი პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა თავისი პარტიული შეხედულებები აქვს. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონთან დაკავშირებით გავცდით ერთმანეთის პოზიციებს, ერთი მუხლი ვერ შევათანხმეთ, მაგრამ სხდომაზე პასუხისმგებლობით მოვიდა თვითონაც და რამდენიმე „რესპუბლიკელი", ქვორუმი შეადგინა, იმისათვის, რომ საფრთხე არ შექმნოდა შაბათ დილას სხდომის დაწყებას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.