logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტს დღეს უკვე თამამად შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის პროექტი
- +

16 მაისი. 2016. 14:21


„ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტს დღეს უკვე თამამად შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის პროექტი, რომლითაც დაიწყო ახალი ერა და შეიქმნა მეტი სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე გამოსვლისას განაცხადა.



პრემიერმა აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადეს, „ბრითიშ პეტროლიუმის"" წარმომადგენლებს და მეგობარი ქვეყნების ელჩებს საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ბაქო-სუფსის მილსადენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



ოცი წლის შემდეგ, ჩვენ მოწმე ვართ ყველა იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებისა, რომლის მიზანიც იყოსამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის" ამოქმედება. ეს ყველაფერი კი ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტით დაიწყო, რასაც მოჰყვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისება, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და მისი საიმედო და მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყნის იმიჯის შექმნა. ამ პროექტის წყალობით საქართველო საბოლოოდ დამკვიდრდა და დაბრუნდა მსოფლიო რუკაზე მთავარ, ისტორიულ სატრანზიტო ქვეყნად, რომელიც საუკეთესო სატრანზიტო მარშრუტს ქმნის აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 20 წლის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა და საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს - ბაქო-სუფსის პროექტით დაიწყო ახალი ერა და შეიქმნა მეტი სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.



„20 წლის წინ აზერბაიჯანული ნავთობით პირველი ტანკერი შეივსო და გაემართა დასავლეთით - ევროპისკენ და დღეს, 20 წლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტს მოჰყვა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. საქართველო არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ევროკავშირის ბაზარზე კასპიის ნავთობისა და გაზის რესურსების ტრანსპორტირების სფეროში. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ და აზერბაიჯანმა თურქეთთან ერთად ჩამოაყალიბეს სტრატეგიული პარტნიორობა და განავითარეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. შედეგად, ისეთი ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაასამხრეთ-კავკასიური გაზის მილსადენი", „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა" და, რა თქმა უნდა, „ბაქო-თბილისი-სუფსის" ნავთობსადენების პროექტები ენერგეტიკის ინდუსტრიის წარმატებული მაგალითებია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, აცნობიერებს საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობას და სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს არსებულ და მომავალ ენერგეტიკული პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიკაციას ევროპისა და სხვა ჩართული ქვეყნების მიმართულებით.



ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა. არტურ რასიზადეს განცხადებით, ბაქო-სუფსის, ბაქო- თბილისი-ერზრუმის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი სტრატეგიული და ამავდროულად საერთაშორისო პროექტებია, რომლებიც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის, არამედ რეგიონის კეთილდღეობისთვის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner