პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ დარწმუნებულია, საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოს პარალიზებას არ გამოიწვევს.
„საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა არის 10 წელი და არც ერთი დღე ზედმეტი, ასევე წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა იყოს 9 წევრი და არანაირად 10 წევრი ან მეტი, ხოლო კანონი, რომელიც გამონაკლისებს უშვებს, ამ კანონის არაკონსტიტუციურობას ნიშნავს. საკანონმდებლო ცვლილებამდე კანონი იმის საშუალებას იძლეოდა, რომ მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ახალ-ახალი საქმეები აეღოთ და უფლებამოსილება გარკვეული ვადით გაეგრძელებინათ. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ერთი დღით ზედმეტად სასამართლოში დატოვება, არაკონსტიტუციურია. ამასთან, როგორც კი ახალ მოსამართლეს წარადგენ, ის ფიცს დადებს და ყოფილი, ძველი, უფლებამოსილებაამოწურული მოსამართლე კიდევ აგრძელებს საქმეებს, მოსამართლეთა რაოდენობა იზრდება. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, დღემდე მოქმედი კანონით, კოლეგია, რომლის შემადგენლობაში არის ოთხი წევრი, უფლებამოსილია, საქმე განიხილოს, თუ კოლეგიას სამი წევრი ესწრება, ხოლო თუკი გადაწყვეტილებას ორი მისამართლე დაუჭერს მხარს, ის გადაწყვეტილება მიღებულია - ეს ეხება ორგანულ კანონებს, ეხება ნორმის შეჩერებას. ნორმა, რომელიც ორგანული კანონის შემთხვევაში, პარლამენტში მაღალი კვორუმით მიიღება, შეიძლება ორმა მოსამართლემ გააუქმოს ან შეაჩეროს. ეს უფრო სწორია, უფრო სამართლიანია, უფრო ლოგიკურია თუ ის, რომ კანონი, რომელსაც მაღალი საპარლამენტო კვორუმი სჭირდება, რომელსაც სულ მცირე 76 დეპუტატის ხმა უნდა, არაკონსტიტუციურად ცნობილი ხდებოდეს არა ორი მოსამართლის მიერ, არამედ უფრო მაღალი კვორუმით ანუ პლენუმით?! ამ პლენუმში კი ეს ორი მოსამართლეც შედის. ძალიან ლოგიკურია ის, რომ რის მიღებასაც მეტი ხმები სჭირდება, ასევე მეტი ხმა იყოს საჭირო მის გასაუქმებლად", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" მანანა კობახიძემ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადება გასაკვირი არ იქნება.
„კანონპროექტზე ვეტოს დადება არა ერთხელ მოხდა, მოხდა ვეტოს დაძლევაც და პროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება. ეს არის პროცესი, რაც წინა პერიოდებისთვის ნამდვილად არ იყო დამახასიათებელი - იყო პერიოდი, როცა საპარლამენტო უმრავლესობა, საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები, პრეზიდენტი - ყველა ერთ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენდნენ. როცა ქვეყანაში არ არის რეჟიმი, არ არის დიქტატურა, როცა ქვეყანას ერთი ადამიანი არ მართავს, არ არის გასაკვირი და ასეთი რაღაცეები მოსალოდნელია", - ამბობს კობახიძე.
14 მაისს, პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო.