„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული დ. მ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.მ.-მ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში მდებარე ე. წ. „სტამბული ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „ლურჯ მარკეტს“ ცეცხლი მოუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 800 კვ.მ. ფართობზე განლაგებული შენობა-ნაგებობა და ეზოში გაჩერებული მიკროავტობუსი. ხანძარმა ზარალი ბაზარში მოვაჭრე 50-მდე მოქალაქეს მიაყენა.
გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.