logo_geo
eng_logo
პოლიციამ იმერეთში ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავა
- +

4 ნოემბერი. 2018. 10:31

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით  3 პირი დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სასამართლოს განჩინების საფუძველზე,  ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში დაკავებული არიან: 1968 წელს დაბადებული, კრიმინალური ავტორიტეტი ი. ფ., 1967 წელს დაბადებული ე. ჩ. და 1962 წელს დაბადებული გ. გ. ჩადენილი დანაშაული 9-დან   15 წლამდე   ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ. გ. და მისი ძმა - 1965 წელს დაბადებული რ. გ. ქალაქ ზესტაფონში ფლობენ ავტოსადგურებს, საიდანაც მიკროავტობუსებით ახდენდნენ მგზავრების გადაყვანას სხვადასხვა მიმართულებით. მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, გ.გ.-მ საკუთარი შემოსავლების გაზრდის მიზნით გადაწყვიტა, კანონიერი ქურდების დახმარებით, ხელში ჩაეგდო თავისი ძმის ბიზნესი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გ.გ.-მ მასთან მომუშავე, „ქურდული სამყაროს“ წევრის - ე. ჩ.-ს მეშვეობით დასახმარებლად მიმართა, ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრს - ი. ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ გ.გ. საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდ“ - გია ცხვარაძესთან - მეტსახელად „გია სამტრედსკის“ იგივე „ბაბუს“ დააკავშირა, რომლის გადაწყვეტილებით გ.გ.-მ, ი. ფ.-მ და ე. ჩ.-მ შეძლეს გ.გ.-ს ძმასთან მომუშავე მიკროავტობუსის მძღოლების დაშინება. კანონიერი ქურდის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის ბრალდებულები მძღოლებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რის გამოც მძღოლები იძულებული გახდნენ, მუშაობა შეეწყვიტათ. შედეგად  გ.გ.-მ  ძმის ბიზნესი მიისაკუთრა.დახმარებისთვის გ.გ.-სგან  „კანონიერმა ქურდმა“ გია ცხვარაძემ, ი.ფ.-მ და ე.ჩ.-მ  მატერიალური სარგებელი მიიღეს.

 

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე 1 პრიმა მუხლის 1 ნაწილით და 223-ე 4 პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner